სოხუმის სახლმწიფო უნივერსიტეტში „აფხაზურ-ქართული ლექსიკონის“ მოდერნიზებული ტექსტის პრეზენტაცია გაიმართა

სოხუმის სახლმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი აფხაზოლოგის ბაგრატ (შოთა) ჯანაშიას (1901-1978 წწ.) მიერ შედგენილი „აფხაზურ-ქართული ლექსიკონის“ მოდერნიზებული ტექსტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროფესორ თეიმურაზ გვანცელაძის განმარტებით, წიგნი პირველად გამოიცა 1954 წელს. მასში აფხაზური სიტყვები ჩაწერილი იყო 1938-1954 წლებში მოქმედი ქართული გრაფიკის გამოყენებით, მაგრამ იმავე ლექსიკონის გამოცემისთანავე ეს დამწერლობა შეიცვალა ამჟამად მოქმედი რუსული გრაფიკით, რის გამოც ბაგრატ ჯანაშიას ლექსიკონს ვერ იყენებდნენ ის აფხაზები, რომლებმაც წერა-კითხვა ისწავლეს 1954 წლიდან დღემდე მოქმედი დამწერლობით. ამის გათვალისწინებით წიგნის მეორე გამოცემაში ქართულად სათარგმნი აფხაზური სიტყვები დატოვებულ იქნა ქართულ გრაფიკაზე, მაგრამ გამომცემლებმა, იქვე, კვადრატულ ფრჩხილებში მიუწერეს იმავე სიტყვების დაწერილობის ამჟამინდელი ვარიანტები. ამ გზით წიგნს დაუბრუნდა ის ფუნქცია, რაც მას უნდა შეესრულებინა პირველი გამოცემისთანავე და ამჟამინდელ აფხაზ და ქართველ მკითხველებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავისუფლად გამოიყენონ ეს წიგნი, რომელიც შეასრულებს ორ მოძმე ხალხს შორის გადებული ხიდის მოვალეობას.

ლექსიკონის მეორე, მოდერნიზებული გამოცემა მოამზადეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა გვანცა გვანცელაძემ, სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარმა, ფილოლოგიის დოქტორმა სოფიკო ჭაავამ და პროგრამისტმა მალხაზ ფხალაძემ.

“აფხაზურ-ქართული ლექსიკონი“ უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის ეგიდით გამოქვეყნდა.

ღონისძიება გაიმართა მიმდინარე წლის 1 დეკემბერს.