სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის საზოგადოებრივ საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


2025 წლის 3 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და ა(ა)იპ „აფხაზეთის საზოგადოებრივ საბჭოს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა და საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ - დავით გულუამ.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ საქმიანობას განათლების, კვლევისა და ახალგაზრდული ჩართულობის მიმართულებით. ხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აფხაზეთის უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრის მნიშვნელობას ინარჩუნებს და განაგრძობს მისი ისტორიული მისიის შესრულებას.

 

მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტი და საბჭო იმოქმედებენ თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთგაგების პრინციპებზე, გააძლიერებენ თანამშრომლობას და ერთობლივი ძალისხმევით განახორციელებენ ისეთ აქტივობებს, რომლებიც მიმართული იქნება ახალგაზრდა თაობის განათლების, პროფესიული ზრდისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებში მათი ჩართულობის ხელშეწყობისკენ. მხარეები მზად არიან ხელი შეუწყონ სხვადასხვა საერთო პროექტის განხორციელებას, შეხვედრებს, კვლევით ინიციატივებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის საზოგადოებრივ საბჭოს შორის პარტნიორობა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საერთო მიზნების განხორციელებისა და მომავალში თანამშრომლობის პროცესში.