ქართული ასომთავრული

2017 წლის 1 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდნენ როსტომ ჩხეიძე და დავით გალიგაშვილი, რომელთა ინიციატივითაც „უცნობი და უხსოვარი საქართველოს“ სერიით გამოიცა სამი წიგნი: პავლე ინგოროყვას  „ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა (I საუკუნე ახალი წელთაღრიცხვისა)“, რამაზ პატარიძის „ქართული ასომთავრული“ და „ქართული წარმართული კალენდარი“, უფრო ზუსტად, მათი ადაპტირებული და პოპულარული ვერსიები. ეს სამი წიგნი მხოლოდ დასაწყისია  დიდი სერიისა. ხსენებული წიგნები, რომელთა განხილვაც გაიმართა, ეძღვნება ქართული ანბანის წარმოშობის თარიღს, მის უძველეს ფესვებს, რიგით და ანბანურ სათვალავს, ანბანისა და წარმართული კალენდრის კავშირსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, შეხვედრას უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი ნინო ვახანია. სტუმრებს მიესალმა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მერაბ ნაჭყებია, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებული ორი თვალსაზრისის არსებობა სამეცნიერო ლიტერატურაში: პირველი თვალსაზრისი მკაცრად რეალისტურია და კორნელი კეკელიძეს მიეწერება. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ქართული დამწერლობა იწყება ქრისტიანობასთან ერთად. მეორე მოსაზრება რეალისტურ-ჰიპოეთეზურია, ის ივანე ჯავახიშვილის სახელს უკავშირდება და ამტკიცებს, რომ ქართული დამწერლობა ჯერ კიდევ წარმართულ ეპოქაში არსებობდა. ამ თვალსაზრისს იზიარებს რამაზ პატარიძეც, რაც ანტიკური ხანის ძეგლებითაც დასტურდება. სამივე წიგნი ქართული დამწერლობის ფესვებს უძველეს ეპოქებში მოიაზრებას. სასიხარულოა, რომ ეს მეცნიერული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა სტუდენტებისა და ფართო მკითხველისათვის.

დასახელებული წიგნები მსმენელთა წინაშე წარმოადგინეს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებმა: მარიამ მგალობლიშვილმა (II კურსი), მარიკა კაპანაძემ (I კურსი), სოფიო თომაძემ (I კურსი), ანა რთველიაშვილმა (III კურსი) და ნინო ზედგენიძემ ((III კურსი). მათ ყურადღება გაამახვილეს წიგნებში დასმულ ძირითად საკითხებზე. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ასოცირებული პროფესორები: ნანა კუცია და ქეთევან მარგიანი. მათ მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ქართული კულტურისა და უძველესი ფესვების კვლევის, წინაპართა ნააზრევის დაფასება-გამომზეურებისათვის.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა დავით გალიგაშვილმა, რომელსაც ეკუთვნის უცნობი და უხსოვარი საქართველოს სერიის გამოცემის იდეა. მან ისაუბრა დოკუმენტურ ფილმზე ქართული ანბანის შესახებ, რომელსაც ფართო მაყურებელი 5 ივნისს იხილავს რუსთავი 2-ის ღამის ეთერში, ფილმი მსოფლიოს ხუთ სხვადასხვა ადგილს აერთიანებს. მასში ვიხილავთ ქართული დამწერლობის მეცნიერული კვლევის ფუძემდებლის, 90 წლის, რამაზ პატარიძის მონათხრობსაც, რომლის ღვაწლიც, ჩვენი კულტურის წინაშე, სათანადოდ არ არის დაფასებული, ისევე როგორც დიდი მეცნიერისა და შემოქმედის პავლე ინგოროყვასი.

ეს თემა გააგრძელა მწერალმა როსტომ ჩხეიძემ: დღეს, როდესაც იუნესკომ ქართული დამწერლობის სამივე სახეობას მსოფლიო მნიშვნელობის არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, პავლე ინგოროყვას სენსაციურ აღმოჩენას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ აღმოჩენით ირკვევა, რომ, ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს ოფიციალურ დამწერლობებად გამოყენებული არამეულისა და ბერძნულის გვერდით, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში უკვე არსებობდა ქართული ასომთავრული დამწერლობა. ნეკრესისა და რუსთავის უახლესი აღმოჩენები ადასტურებს, რომ ჩვ. წ. I საუკუნით დათარიღებულ არეშის დერგსა და ვანის წითელკეციან ჭურჭელზე გამოსახული ნიშანი ქართული ასომთავრული გრაფემაა. რაც კიდევ უფრო განამტკიცებს პავლე ინგოროყვას მტკიცებულებას, _ ბრძანა ბატონმა როსტომმა.

საუბრის ბოლოს მან აღნიშნა, რომ ყოველთვის სიამოვნებით სტუმრობს სოხუმის უნივერსიტეტს და განსაკუთრებით ახარებს სტუდენტთა აქტიურობა. როსტომ ჩხეიძის სიტყვებით, შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა ახალგაზრდების სერიოზული ნამუშევარი, მათ ღრმად და საფუძვლიანად წარმოაჩინეს თითოეული წიგნის პრობლემატიკა.