ცოცხალ განცდაში ჩვენი წარსული

2017 წლის 12 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდა მწერალი როსტომ ჩხეიძე, რომლის მორიგი ბიოგრაფიული რომანის განხილვაც გაიმართა უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სამკითხველო დარბაზში. „ტივისხე“, გიორგი შატბერაშვილის ცხოვრების ქრონიკა, 2017 წელს გამოსცა ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ (წიგნის რედაქტორია პაატა ჩხეიძე). გიორგი შატბერაშვილის სახელი როსტომ ჩხეიძის სხვა ბიოგრაფიულ რომანებშიც გამოჩნდა: თედო სახოკიაზე, პავლე ინგოროყვაზე, ვახტან ჭელიძესა თუ ოთარ ჩხეიძეზე დაწერილ წიგნებში. მაგრამ მწერლის დრამატული ცხოვრება ცალკე რომანის დაწერის შესაძლებლობასაც იძლეოდა. როგორც ღონისძიების წამყვანმა პროფესორმა ნინო ვახანიამ აღნიშნა, „თითქოს როსტომ ჩხეიძეს სხვა რომანებზე მეტად, სწორედ აქ იხატება ეპოქის სახე, სინამდვილე პირუთვნელად, მთელი სისავსით.“

წიგნის პირველი თავის ანალიზით წარსდგა აუდიტორიის წინაშე პროფესორი ტიტე მოსია, რომელმაც ხაზი გაუსვა როსტომ ჩხეიძის ღვაწლს ქართული ლიტერატურისა და ეროვნული იდეალების მსახურების საქმეში. „როსტომ ჩხეიძის თითოეული ბიოგრაფიული რომანი დიდი გამოკვლევაცაა, გამონაკლისი არც „ტივისხეა“, ამ წიგნით მწერალმა ძეგლი დაუდგა, გააცოცხლა გიორგი შატბერაშვილის სახელი, რომელიც დღემდე არ არის ღირსეულად დაფასებული“, აღნიშნა მომხსენებელმა. მან წიგნის არაერთ ღირსებას, მხატვრულ სტილს გაუსვა ხაზი. გამოსვლის დასასრულს კი, მადლობა გადაუხადა როსტომ ჩხეიძეს დევნილი უნივერსიტეტის მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული სიყვარულისა და ყურადღებისათვის.  

წიგნის მეორე კარის -„არქეოლოგად ქართული ენისა“ ანალიზი ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მერაბ ნაჭყებიამ წარმოადგინა. „სათაური გასაღებია ნაწარმოებისა, „ტივისხეც“ სიმბოლური სათაურია, მარტო, ეულად დარჩენილი მწერლის ბედზე მოგვითხრობს. ეს არის ბედი გიორგი შატბერაშვილისა, მაძიებელი კაცისა, რომელსაც უყვარდა ქართული სიტყვა და პოეტური ლინგვისტიკის ნიმუშიც შექმნა „თვალადური ქართულის ჭაშნიკის“ სახით, თედო სახოკიას „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანის მსგავსად,“ აღნიშნა ბატონმა მერაბმა. მისი სიტყვებით, ლიტერატურა ყოველთვის ეროვნულ საქმეს აკეთებდა საქართველოში, ასეა დღესაც, როსტომ ჩხეიძის მსგავსი მოღვაწეები ისევ და ისევ ემსახურებიან ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას, ჩვენი წარსულის გაცოცხლებასა და მომავალი თაობებისათვის გადაცემას.

წიგნის მესამე კარი _ „ლოდი საჯილდაო სიტყვისა“ პროფესორმა ლუარა სორდიამ მიმოიხილა. „როსტომ ჩხეიძეს მოთვინიერებული მწერლები არ მოსწონს, მისი ბიოგრაფიული რომანების პროტაგონისტებად ოპოზიციონერი მწერლები გვევლინებიან, ასეთია „ტივისხეც“. წიგნმა უმძიმესი საბჭოთა ეპოქა დაგვიხატა, რომელშიც გიორგი შატბერაშვილმა შეძლო უკომპრომისოდ ცხოვრება და წერა“, აღნიშნა ქალბატონმა ლუარამ, რომელმაც ამ უმძიმესი ეპოქის დასახატად არაერთი ლიტერატურული ფაქტი და ნაწარმოები გაიხსენა.

დასასრულს როსტომ ჩხეიძემ აღნიშნა: „გიორგი შატბერაშვილის იყო ის პიროვნება, რომელიც ჯოჯოხეთური რეჟიმის პირობებში ინარჩუნებდა ზნეობის უწყვეტობას. საჯილდაო ქვის მეტაფორა მან დაამკვიდრა სალიტერატურო ენაშიც და მწერლურ მისწრაფებაშიც. თვითონ კიდეც ასწია თავისი საჯილდაო ქვა მოთხრობითაც „მკვდრის მზე“ და „თვალადური ქართული ჭაშნიკითაც“, რომელიც პოსტმოდერნისტული რომანია მილორად პავიჩის „ხაზარული სიტყვისკონის“ მსგავსად და თავისთავადი მეცნიერული ღირებულების გარდა, მხატვრული ფასეულობაც აქვს.

ეპოქა უნდა აისახოს რეალისტურად, მოვლენები ისე უნდა დავინახოთ, როგორც სინამდვილეში იყო და არა ერთ ქარგაზე მოჭრილად, მითოსურ საბურველში გახვეულად. გიორგი შატბერაშვილის მხატვრულ სიტყვასა და მოღვაწეობას მომავალი თაობები უფრო დააფასებენ და შეიგრძნობენ. მიხვდებიან, რომ საბჭოთა ეპოქაში უკომპრომისობა გმირობის ტოლფასი იყო.

ჩვენ კი _ ცოცხალ განცდაში უნდა გვქონდეს ჩვენი წარსული.“