სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი გაიხსნა



2026 წლის 27 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი.

ფორუმი 27–30 აპრილს იმართება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61. ღონისძიება აერთიანებს ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლებს.

ფორუმის გახსნის ღონისძიება 27 აპრილს, 11:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის VII სართულზე, სააქტო დარბაზში გაიმართა. პროგრამის მიხედვით, გახსნის შემდეგ ჩატარდა პლენარული სხდომა, ხოლო დღის მეორე ნახევარში მუშაობა გაგრძელდა სექციებში, სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით. ფორუმის სამუშაო ფორმატი მოიცავდა როგორც პირისპირ, ისე ონლაინ მონაწილეობას.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მოხსენებები ისტორიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, განათლების მეცნიერებების, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის, გეოგრაფიისა და ეკოლოგიის, სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის მეცნიერებების, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მიმართულებით.

ფორუმის გახსნასა და პლენარულ სხდომაში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიკოსი ლადო პაპავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის განათლების და კულტურის მინისტრი ბატონი გიორგი ძაძამია, მინისტრის მოადგილზე ქალბატონი სალომე კაპანაძე და სამეცნიერო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციები, მათ შორის: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, ასევე პარტნიორი უნივერსიტეტები და კვლევითი ცენტრები გერმანიიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, საბერძნეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი 28 აპრილს გაგრძელდება პროგრამით გათვალისწინებული გეგმის შესაბამისად.