სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლატვიის მწერალთა კავშირის დელეგაცია სტუმრობდა


2026 წლის 4 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლატვიის მწერალთა კავშირის დელეგაცია ეწვია. შეხვედრა უნივერსიტეტის ლატვიის აუდიტორიაში გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია. მან ისაუბრა ქართულ-ლატვიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლატვიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. პროფესორმა ინდირა ძაგანიამ აღნიშნა, რომ ლატვიის უნივერსიტეტების ჩართულობით წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რამაც ხელი შეუწყო აკადემიური, კულტურული და მეგობრული კავშირების გაღრმავებას.

სტუმრებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებას, საგანმანათლებლო სივრცეებს შორის კავშირების გაძლიერებასა და მეგობარი ქვეყნების ინტელექტუალური წრეების დაახლოებას.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ლატვიელი მწერლები ერიკა ბერზინია და ივეტა შიმკუსი, ლატვიის პირველი საპატიო კონსული საქართველოში რეგინა იაკობიძე, ბიზნესმენები და მეცენატები იმედი კოკაია და იაკიმ დომოცევი, ასევე თენგიზ პაჭკორია. ასევე, ასოციაცია „ქუჯის“ თანადამფუძნებელი, პოეტი და მთარგმნელი ნანა კვაშილავა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის წარმომადგენლები და საქართველოს ლატვიელთა საზოგადოება „ავესოლის“ წევრები. 

აღსანიშნავია, რომ ლატვიის აუდიტორია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წელს გაიხსნა საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მისი აღმატებულება ელიტა გაველესა და ლატვიის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორის, ქალბატონ ვენტა კოცერეს ძალისხმევით. აუდიტორია წლების განმავლობაში ქართულ-ლატვიური საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცედ ჩამოყალიბდა.

შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართულ-ლატვიური კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების მნიშვნელობა და დაადასტურა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მზაობა, გააგრძელოს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა აკადემიური, კულტურული და საზოგადოებრივი კავშირების გაღრმავების მიმართულებით.