პროფესორ ლია ახალაძის სამეცნიერო მოხსენება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ახალაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სამეცნიერო მოხსენებით გამოვიდა.

2026 წლის 9 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა სხდომა თემაზე - „აფხაზეთის ეპიგრაფიკული ძეგლების ისტორიული და პალეოგრაფიული ანალიზი“ - ბოლო წლებში აღმოჩენილი წარწერების მიხედვით.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა. მოხსენება მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესა და ისტორიკოსის, პროფესორ ოთარ ჟორდანიას ხსოვნას.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ეპიგრაფიკული ძეგლების, როგორც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნაწილის, მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ეპიგრაფიკული მასალა არა მხოლოდ წარსული ეპოქების სოციალურ-პოლიტიკური და სულიერი ცხოვრების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, არამედ მნიშვნელოვანი წყაროა ენის, რელიგიის, ხელოვნებისა და, ზოგადად, კულტურის განვითარების შესასწავლად.

მოხსენებაში აღინიშნა, რომ ეპიგრაფიკული ძეგლები თანამედროვე საზოგადოებას წინარე ეპოქებთან აკავშირებს. წარწერები ინახავს ისტორიულ ამბებს, რელიგიურ შეხედულებებს, პირად ემოციებსა და წარსული ადამიანების ცხოვრების, რწმენის, ურთიერთობებისა და კულტურის მნიშვნელოვან ნიშნებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ეპიგრაფიკულ მასალას. მოხსენებაში აღინიშნა, რომ აფხაზეთი არასოდეს ყოფილა სპეციალური საველე-ეპიგრაფიკული კვლევის არეალი და იქ გამოვლენილი წარწერები ძირითადად ცალკეული სამეცნიერო ინტერესებისა და კვლევითი სამუშაოების შედეგად გახდა ცნობილი. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის კონფლიქტამდე გამოვლენილი იყო ასამდე წარწერა, რომელთა თავმოყრა და გაერთიანება 1990-იან წლებში განხორციელდა. XXI საუკუნის პირველ მეოთხედში ამ მასალას რამდენიმე ახალი წარწერაც დაემატა.

პროფესორ ლია ახალაძის მოხსენებაში წარმოდგენილი იყო აფხაზეთში ბოლო წლებში აღმოჩენილი ქართული წარწერები, რომლებიც დაკავშირებულია ბედიის, ღუმურიშის, ანუხვისა და საბერიოს სამონასტრო ცენტრებთან და ტაძრებთან. განხილული იყო მათი არქეოგრაფიული აღწერილობა, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი და პალეოგრაფიული მნიშვნელობა.

მოხსენებაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ძეგლის ენაზე. აღინიშნა, რომ კულტურულ მემკვიდრეობაში ენა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალება არ არის. იგი ისტორიული მეხსიერების, კულტურული იდენტობის, მსოფლმხედველობისა და ღირებულებითი სისტემის კონცენტრირებული გამოხატულებაა. ძეგლის ენის შესწავლა შესაძლებლობას იძლევა, უკეთ გავიაზროთ წინარე ეპოქების ადამიანი, მისი აზროვნება და ადგილი ისტორიულ პროცესებში.

როგორც მოხსენებაში ითქვა, აფხაზეთის ოკუპაციის პირობებში რეგიონის მატერიალური კულტურის ძეგლებზე ვერ ხორციელდება საველე ეპიგრაფიკული და ხელოვნებათმცოდნეობითი ხასიათის სამუშაოები. ქართული ეპიგრაფიკის, ხელოვნებისა და კულტურის ისტორიის, განსაკუთრებით კი ქართული ანბანის მკვლევრებს არ აქვთ შესაძლებლობა, უშუალოდ იმუშაონ ძეგლებზე. მიუხედავად ამისა, აფხაზეთი კვლავ გვთავაზობს ახალ აღმოჩენებს და ძველი ქართული წარწერების საშუალებით საუკუნეების სიღრმიდან გვესაუბრება.

მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, რის შემდეგაც სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია. აღინიშნა, რომ მსგავსი სამეცნიერო აქტივობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი წარმოაჩენს უნივერსიტეტის კვლევით პოტენციალს, აკადემიურ ჩართულობასა და მის მნიშვნელოვან როლს აფხაზეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის საქმეში.