საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართლის აქტუალური საკითხები“

2017 წლის 25 და  26 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩატარდა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია „სამართლის აქტუალური საკითხები“. კონფერენციის ჩატარების  წინადადება 2016 წლის შემოდგომაზე  იურიდიული ფაკულტეტის საბჭოზე იქნა განხილული, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხი წარმოშობს მრავალ მნიშვნელოვან საკითხს და აუცილებელია სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მონაწილეობით კომპლექსურად განხილულიყო  მნიშვნელოვანი პრობლემები. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ეწოდა კონფერენციას  „სამართლის აქტუალური საკითხები“.

კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლების გარდა ჩართული იყვნენ იყვნენ უცხოელი პროფესორებიც, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საკონფერენციო ღონისძიებების დაგეგმვაში. უცხოელი იურისტების კონფერენციაში ჩართვის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საორგანიზაციო ჯგუფის წევრბმა. კონფერენციაზე ფართოდ იყო წარმოდგენილი ლუბლიანას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესურა და სლოვენიის სხვა უნივერსიტეტების პროფესორები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წევრები და თანამშრომლები იყვნენ მოტივირებულები და მათი მნიშვნელოვანი აქტიურობის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ კონფერენცია მაღალ დონეზე ჩატარდა.

კონფერენციაზე წაკითხული იქნა მოხსენებები სისხლის სამართალში, საერთაშორისო  სამართალში,  კერძო  სამართალში, საჯარო  სამართალში, სამართლის  საფუძვლებსა  და მეთოდებში.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს და  უცხოეთის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები. წარმოდგენილი მოხსენებების დიდი ნაწილი მნიშვნელოვანია და უდავოდ გააჩნია მაღალი მეცნიერული ღირებულება. 2017 წლის დასასრულისთვის იგეგმება კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების გამოცემა კრებულის სახით ინგლისურ და ქართულ ენაზე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ კონფერენციის მონაწილეებს, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები გადასცა სერთიფიკატები.

იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებელთა და თანამშრომელთა ინიციატივით, საკონფერენციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ მოხდა უცხოელ მეცნიერთათვის გამასპინძლება, ჩატარდა ექსკურსია, რომელიც განხორციელდა მცხეთაში და ბოდბეში. დასარულს, იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომელთა თაოსნობით გაიმართა ვახშამი, ისტორიულ ქალაქ მცხეთაში. უცხოელი მეცნიერები მოხიბლული იყვნენ საქართველოს ისტორიული წარსულით და ქართული სტუმართმოყვარეობით, მათ დიდი მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტს, იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს კონფერენციის მიღალ დონეზე ჩატარებისათვის.