ჩინეთის უნივერსიტეტთან პარტნიორობა გრძელდება

უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. წარმატებული საქმიანობის შედეგად სულ უფრო იზრდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორთა რიცხვი. 2016 წლის ნოემბერში გვანჯოუს უცხო ენებისა და საგარეო ვაჭრობის უნივერსიტეტში პროფ. ინდირა ძაგანიას ვიზიტის შედეგად საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას ჩინეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასთან. საპასუხო ვიზიტი შედგა 2017 წლის 5-8 ივლისს.

6 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს შეხვდა გუანჯოუს უცხო ენებისა და საგარეო ვაჭრობის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია ევროპული ენებისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორის, პროფ. იან კეს, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, დოქტორ ჩენ პინისა და ასპირანტურის განყოფილების ხელმძღვანელის, დოქტორ უან იუს შემადგენლობით. ღონისძიებას უძღვებოდა საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფ. ინდირა ძაგანია. სტუმრებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ჯონი აფაქიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფ. ნინო თოფურიძე. ჩინელმა მეცნიერებმა გააკეთეს პრეზენტაცია ქალაქ გვანჯოუსა და უცხო ენებისა და საგარეო ვაჭრობის უნივერსიტეტის შესახებ. კიდევ ერთი აღსანიშნავი გარემოება: პროფ. იან კემ ჩინურად თარგმნა მწერალ გურამ ოდიშარიას წიგნი „პრეზიდენტის კატა“. ღონისძიებაზე მან წარადგინა თარგმანის სასიგნალო ეგზემპლიარი. გურამ ოდიშარიას შემოქმედებაზე ისაუბრა პროფ. ნანა კუციამ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მწერალმა. დასასრულ, სტუმრებმა უპასუხეს დასმულ კითხვებს.

ვიზიტის ფარგლებში გუანჯოუს უცხო ენებისა და საგარეო ვაჭრობის უნივერსიტეტის  დელეგაცია გაეცნო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, სამეცნიერო პოტენციალს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განიხილეს ერთობლივი პროექტები, გაცვლითი პროგრამები. კერძოდ, უკვე ახალი სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სტუდენტებს შესაძლებლობა ეძელვათ უფასოდ ისწავლონ გუანჯოუს უცხო ენებისა და საგარეო ვაჭრობის უნივერსიტეტში, დაეუფლონ ჩინურ ენას, ხოლო პროფესორ-მასწავლებლებს შეუძლიათ ჩაატარონ ლექცია, გაიარონ სტაჟირება, შეიმუშაონ ერთობლივი პროექტები, რომლებსაც ჩინეთის უნივერსიტეტი დააფინანსებს.

გუანჯოუს უცხო ენებისა და საგერეო ვაჭრობის უნივერსიტეტის დელეგაციის სტუმრობა კიდევ უფრო განამტკიცებს თანამშრომლობას ორ უნივერსიტეტს შორის და ხელს შეუწყობს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებას.