სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა AUF-ის რექტორთა რეგიონულ კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა AUF-ის რექტორთა რეგიონულ კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა რეგიონულ კონფერენციაში (C2R-ECO) ონლაინ მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია 18 სექტემბერს რუმინეთში, ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტ „პოლიტექნიკაში“ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენლები.
თეა ჯუღელმა პანელზე „რეგიონული დიალოგი მდგრადი განვითარებისა და მშვიდობისათვის“ მოხსენება ფრანგულ ენაზე წარადგინა. მან ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნიკალურ ისტორიაზე, დევნილობაში განათლების უწყვეტობის შენარჩუნებასა და აფხაზეთთან დაკავშირებულ სამშვიდობო პროცესებში უნივერსიტეტის როლზე.
რექტორმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უნივერსიტეტში მოქმედი სამშვიდობო სწავლების ცენტრის საქმიანობას, რომელიც მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების რეგულირების საკითხების შესწავლას, სტუდენტების სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვასა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის ხელშეწყობას ემსახურება. მან მონაწილეებს ცენტრის მიერ 2026 წელს გამართული საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია „მშვიდობის სპექტრიც“ გააცნო.
მოხსენებაში თეა ჯუღელმა ყურადღება გაამახვილა მშვიდობისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, სტუდენტური კვლევების მხარდაჭერისა და აკადემიური გაცვლების გაძლიერების მნიშვნელობაზე. მან ასევე გამოთქვა ინიციატივა, ფრანკოფონიის ქსელში შემავალი და სამშვიდობო მიმართულებით მომუშავე უნივერსიტეტების მონაწილეობით შეიქმნას ერთიანი სამშვიდობო პლატფორმა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრია და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარებაში.