2026 წლის 25 სექტემბერს თბილისის
№90 საჯარო სკოლაში აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და საქართველოს უახლეს ისტორიაში
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ტრაგიკული პერიოდის - აფხაზეთის ომისა და ომში დაღუპულთა
ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების
დეპარტამენტის უფროსი, ლია ახალაძე და პროფესორი ომარ არდაშელია.
ღონისძიება თბილისის №90 საჯარო
სკოლის ისტორიის მასწავლებლის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისა
და დოქტორანტის, ბექა ლეჟავას ინიციატივითა და სკოლის დირექტორის, ქალბატონი თამარ
მელიქიძის მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა
აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის თემაზე არაერთი საინტერესო ნამუშევარი და შემოქმედებითი
კომპოზიცია წარმოადგინეს. მათ შორის იყო „ენგურსმიღმა საქართველო“ - აფხაზეთის ისტორიის
ეპიგრაფიკული და ისტორიული მიმოხილვა; „ერთი ფოტო, ერთი ისტორია -გურამ გაბესკირია“;
აფხაზეთის თემაზე შექმნილი ლექსები და აფხაზეთის დაახლოებით 40 კულტურული და ბუნებრივი
ძეგლის ამსახველი ალბომი.
მოსწავლეებმა ასევე შექმნეს
ნოველა „ანიკოს დღიური“, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლის მიერ განცდილ ტკივილსა
და 12 დღის ისტორიას გადმოსცემს.
ღონისძიების მონაწილეებს აფხაზეთის
კონფლიქტის, აფხაზეთის ისტორიისა და მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების შესახებ
ესაუბრნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები - ლია ახალაძე და ომარ არდაშელია.
მოსწავლეებს სიტყვით მიმართა ფიზიკის პედაგოგმა რუსუდან კვაშილავამ.
ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა,
ქალბატონმა თამარ მელიქიძემ.
შეხვედრა განსაკუთრებით ემოციური
აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, ისე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
წარმომადგენლებისთვის. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რამდენად მნიშვნელოვანია
ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ომის
შედეგად დაზარალებული ადამიანების გამოცდილების შესახებ ცოდნის გაზიარება.
აღსანიშნავია, რომ სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი წლებია აქტიურად თანამშრომლობს როგორც თბილისის, ისე საქართველოს რეგიონების
საჯარო და კერძო სკოლებთან. თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის
სამეცნიერო-პრაქტიკულ ღონისძიებებში მონაწილეობას, კონფერენციების, სიმპოზიუმებისა
და ფორუმების ორგანიზებას, სასკოლო პრაქტიკის განხორციელებას, საჯარო ლექციებისა და
სემინარების ჩატარებას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და სკოლებისთვის
მეთოდური ლიტერატურის მიწოდებას.
ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი
ნაწილია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან და პედაგოგებთან ურთიერთობა. ამ თვალსაზრისით,
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბექა ლეჟავას ინიციატივა, რომელმაც სკოლაში საქმიანობის
დაწყებისთანავე თავისი პირველი პროექტი მიუᲫᲦვნა აფხაზეთის თემას. პროექტის განხორციელებაში
კი აქტიურად ჩაერთნენ №90 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც
ახალგაზრდებს ისტორიული მეხსიერების, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული თვითშეგნების
საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას აძლევს.
თბილისის №90 საჯარო სკოლაში
გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უნივერსიტეტის მიერ წლების განმავლობაში
დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და ღირებულებები კურსდამთავრებულთა საქმიანობისა და ახალი
თაობის განათლების პროცესში გრძელდება.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მადლობას უხდის თბილისის №90 საჯარო სკოლის დირექტორს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს
ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის, ასევე განსაკუთრებულ მადლობას უხდის
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულსა და დოქტორანტ ბექა ლეჟავას ინიციატივისა და გაწეული
ძალისხმევისთვის.