სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია პლოვდივის უნივერსიტეტის კულტურათაშორისი ცენტრის დირექტორი, Erasmus-ისა და სხვა საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ნადია ჩერნევა


 

2026 წლის 12 ოქტომბერს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია პლოვდივის უნივერსიტეტის კულტურათაშორისი ცენტრის დირექტორი, Erasmus-ისა და სხვა საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი  ნადია  ჩერნევა.


პლოვდივის უნივერსიტეტთან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობა აქვს. ერთობლივად განხორციელდა არაერთი სასწავლო, სამეცნიერო თუ კულტურული პროექტი. აღნიშნულმა თანამშრომლობამ ხელი შეუწყო აკადემიური გამოცდილების გაზიარებას, უნივერსიტეტებს შორის პროფესიული კავშირების განმტკიცებას და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.


ამ წარმატებული პარტნიორობის გაგრძელებას წარმოადგენს ერთობლივი Erasmus+ პროგრამა, რომელიც 2026-2029 წლებს მოიცავს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლა პლოვდივის უნივერსიტეტში გააგრძელონ, გაეცნონ განსხვავებულ საგანმანათლებლო გარემოს, მიიღონ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება და განივითარონ პროფესიული და ინტერკულტურული კომპეტენციები.


ვიზიტის ფარგლებში პლოვდივის უნივერსიტეტის პროფესორი ნადია ჩერნევა შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ თეა ჯუღელს და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, შეაჯამეს განხორციელებული პროექტებისა და თანამშრომლობის შედეგები და იმსჯელეს პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს, სტუდენტთა აკადემიური მობილობის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს. შეხვედრაში მონაწილეობდა სსუ-ში  ბულგარული ენის ლექტორი  ივანა პეტკოვა.


პლოვდივის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ უნივერსიტეტს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებისა და განმტკიცების გზაზე. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას, ახალი აკადემიური შესაძლებლობების შექმნასა და უნივერსიტეტის საერთაშორისო  საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის პროცესს.