2026 წლის 19 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტ UNI4VERSE-FINEDU-ს ფარგლებში შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი. კონკურსში მონაწილეობდა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული სამი გუნდი, რომლებმაც ჟიურის წევრებს წარუდგინეს საკუთარი ინოვაციური იდეები და მათ საფუძველზე შემუშავებული პროექტები.
კონკურსში მონაწილეობდნენ გუნდები:
„თვალი AI“
მენტორი: მანანა გაგოშიძე
გუნდის წევრები: ლუკა პაპიძე, მარიამ ნოდია, მარიშა გოგოლაძე, ლიკა ცარციძე.
„მაძიებლები“
მენტორი: სოსო მეზვრიშვილი
გუნდის წევრები: მარიამ ლაფაჩი, ანა სუდაძე, ბელა უგრეხელიძე.
„დელფინი“
მენტორი: მაია თადიაშვილი
გუნდის წევრები: თაბუკა ციმინტია, ლაშა ფანჩულიძე, ლიანა გუსეინოვა, ალექსანდრე გოგოლაძე.
საკონკურსო პროექტები შეაფასა ჟიურიმ შემდეგი შემადგენლობით:
მარიამ ვარდიძე - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ტექნოპარკების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
თამთა შვანგირაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განყოფილების წარმომადგენელი;
ირმა დიხამინჯია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.
კონკურსის გამარჯვებული გახდა გუნდი „თვალი AI“.
გამარჯვებულმა გუნდმა ჟიურის წარუდგინა ქართულენოვანი ციფრული უსაფრთხოების ასისტენტის პროექტი. „თვალი AI“ მომხმარებლებს საეჭვო შეტყობინებების, ბმულებისა და ეკრანის ანაბეჭდების (სქრინშოტების) შეფასებაში ეხმარება. პროექტის მიზანია ციფრული თაღლითობის რისკების შემცირება და მომხმარებლებისთვის ონლაინსივრცეში უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღების გამარტივება.
საინტერესო და კონკურენტული შეფასების პროცესის შედეგად ჟიურიმ უპირატესობა მიანიჭა გუნდ „თვალი AI“-ს. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) გამარჯვებულ გუნდს გადასცა თბილისის ტექნოპარკში გასამართი კონკურსის ფინალში მონაწილეობის სიმბოლური ბილეთი, კონკურსის ყველა მონაწილეს კი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბრენდირებული სამახსოვრო საჩუქრები.
გამარჯვებული გუნდი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებს კონკურსის მომდევნო ეტაპზე, რომელზეც შესაძლებლობა ექნება წარადგინოს საკუთარი პროექტი.
პროექტის პარტნიორია საქართველოს ეროვნული ბანკი.
პროექტის ფინალურ ეტაპზე შიდასაუნივერსიტეტო კონკურსებში გამარჯვებული გუნდები წარადგენენ საკუთარ პროექტებს. ფინალში გამარჯვებული გუნდი მიიღებს 20 ათას ლარს და საგზურს უდიდეს სტარტაპ კონფერენციაზე Web Summit-ზე ლისაბონში.
კონკურსის მიზანია სტუდენტებში განავითაროს ინოვაციური აზროვნება, გუნდური მუშაობა და პრაქტიკული უნარები. მსგავსი ინიციატივები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკაში გამოიყენონ თეორიული ცოდნა, საკუთარი იდეები აქციონ რეალურ პროექტებად და პროფესიული განვითარებისთვის მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება.
ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს და წარმატებას ვუსურვებთ კონკურსის მომდევნო ეტაპზე!