სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქეთევან ლომთათიძის 115 წლისთავი სამეცნიერო კონფერენციით აღინიშნა


2026 წლის 27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დაცვის დღეს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების 115 წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტში აფხაზური ენის ოთახიც გაიხსნა.

კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

საიუბილეო კონფერენციისთვის აფხაზური ენის დღის შერჩევა მეცნიერის მოღვაწეობას უკავშირდება. ქეთევან ლომთათიძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა აფხაზური და აბაზური ენების შესწავლაში, აფხაზ მკვლევართა აღზრდასა და ქართულ-აფხაზური სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქეთევან ლომთათიძესთან უშუალო ისტორიული კავშირიც აქვს: 1938–1940 წლებში იგი სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში მუშაობდა და ზოგადი ენათმეცნიერების კურსს უძღვებოდა.

კონფერენციის პროგრამამ ქართველური ენების, აფხაზური და სხვა იბერიულ-კავკასიური ენებისა და თეორიული ენათმეცნიერების საკითხები გააერთიანა. მასში წარმოდგენილი იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და საქართველოს სხვა უნივერსიტეტების მკვლევრები.

პლენარული სხდომის პროგრამაში თეიმურაზ გვანცელაძის მოხსენება ქეთევან ლომთათიძის მოღვაწეობის ძირითად ასპექტებს დაეთმო, მერაბ ნაჭყებიას მოხსენება - მეცნიერის ქართველური მემკვიდრეობის საკითხებს, ხოლო ნანა მაჭავარიანის კვლევა - აფხაზურში საერთო იბერიულ-კავკასიურ ძირთა მქონე ლოკალურ პრევერბებს. სოფიკო ჭაავას მოხსენება აერთიანებდა ახალ საარქივო მასალებს ქეთევან ლომთათიძის ბიოგრაფიისა და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

ორი სექციის პროგრამა მოიცავდა დიალექტოლოგიის, ტოპონიმიკის, ეთნოლინგვისტიკის, ლექსიკოლოგიისა და ენობრივი პოლიტიკის საკითხებს. მოხსენებებს შორის იყო გალის მუნიციპალიტეტის მიკროტოპონიმიისა და ჰიდრონიმიის კვლევები, ქართველური ენების დიალექტური მრავალფეროვნების განხილვა ციფრული ლინგვისტიკის პერსპექტივიდან და ქეთევან ლომთათიძის ავტორიტეტის შეფასება აფხაზურ საზოგადოებაში. პროგრამით გათვალისწინებული იყო ახალი გამოცემების წარდგენაც.

ქეთევან ლომთათიძის (1911–2007) სამეცნიერო მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აფხაზური და აბაზური ენების ბგერითი და გრამატიკული აგებულების, დიალექტებისა და ისტორიული ურთიერთმიმართების კვლევას. მისი ნაშრომები, მათ შორის „აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი I“ და სოხუმში აფხაზურ ენაზე გამოცემული მონოგრაფია „აფხაზური ენის საკითხები“, ამ ენების მეცნიერული შესწავლის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

მეცნიერის საქმიანობის განუყოფელი ნაწილი იყო ახალგაზრდა მკვლევრებთან მუშაობა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 30-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ქეთევან ლომთათიძე სამეცნიერო გზაზე ეხმარებოდა ქართველ, აფხაზ, აბაზ, ჩერქეზ და სხვა ჩრდილოკავკასიელ ახალგაზრდებს და ამით კავკასიური ენების მკვლევართა შორის თანამშრომლობას აძლიერებდა.