სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბავშვთა უფლებების ცენტრის ორგანიზებით, პარტნიორი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2026 წლის 1 ოქტომბერს გაიმართა ონლაინ ვებინარი - „დიფერენცირებული სწავლება და ესგ-ს გამოწვევები“.
ვებინარს უძღვებოდა განათლების მეცნიერებათა დოქტორი მანანა ბოჭორიშვილი.
ვებინარის მიზანი იყო პედაგოგების მხარდაჭერა დიფერენცირებული სწავლების ხუთეტაპიანი მოდელის დანერგვაში.
სესიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს დიფერენცირებული სწავლების აქტუალობა XXI საუკუნისა და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა საჭიროებების დიაგნოსტირებას, სასწავლო პროცესის მათ საჭიროებებზე მორგებას, დიფერენცირებული დავალებებისა და სასწავლო ხარაჩოების გამოყენებას, განმავითარებელ შეფასებასა და უკუკავშირის მნიშვნელობას მოსწავლის პროგრესის მხარდაჭერისთვის.
ვებინარი მოიცავდა პრაქტიკულ მაგალითებს სხვადასხვა საგნის სწავლებისას დიფერენცირებული მიდგომების გამოყენების შესახებ. მონაწილეებმა განიხილეს ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის სწავლების მაგალითები, რომლებიც მოსწავლეთა განსხვავებული მზაობის, საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვას უკავშირდებოდა.
ვებინარის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ დიფერენცირება არ ცვლის სასწავლო მიზანს - ის ცვლის მიზნისკენ მიმავალ მხარდაჭერას. აღნიშნული მიდგომა გულისხმობს მოსწავლისთვის შესაბამისი დახმარების, მინიშნებებისა და გამოწვევების შეთავაზებას, რათა მან თანდათან განივითაროს დამოუკიდებელი სწავლისა და საკუთარი ცოდნის გამოყენების უნარი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი სკოლების საგნობრივი მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
ვებინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ელექტრონული სერტიფიკატები და პრაქტიკული მეთოდური მასალები.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და ბავშვთა უფლებების ცენტრი აგრძელებენ პარტნიორ სკოლებთან თანამშრომლობას და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებზე საპასუხოდ.