საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“ (E-PSY – Establishment of Psychological Counseling Centers at Georgian HEIs for Students)

საგრანტო ხელშეკრულება - 617980-EPP-1-2020-1-GE-EPPKA2-CBHE-SP


---------------------


განხორციელების პერიოდი – 2021-2023 წლები.


მონაწილეები:

1. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კოორდინატორი.

2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

3. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

4. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

5. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

6. ქუთაისის უნივერსიტეტი.

7. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

8. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

9. კავკასიის უნივერსიტეტი.

10. შპს თბილისის ფიზიკური ჯანდაცვის კრიზისული ინტერვენციის სამსახური.

11. ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტი (პოლონეთი).

12. ტრანსილვანიის ბრაშოვის უნივერსიტეტი (რუმინეთი).

13. ადამიანის უნარების გაძლიერების სტრატეგიული ცენტრი (იტალია).


პროექტის პარტნიორია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.


აღწერა:

პროექტის ზოგადი მიზანია სტუდენტებისთვის სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების შექმნის გზით. ზოგადი მიზნიდან გამომდინარეობს ხუთი კონკრეტული მიზანი:

1. ფსიქოლოგიური ცენტრების შექმნა სტუდენტებისთვის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში;

2. პერსონალის მომზადება და გადამზადება;

3. რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო დოკუმენტაციის შემუშავება საქართველოს პოლიტიკის შემქმნელებისა და სამთავრობო უწყებებისთვის, უსდ-ების ავტორიზაციის არსებულ სტანდარტებში ახალი სტანდარტის დანერგვის მიზნით;

4. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სტუდენტებისა და, საერთოდ, ფართო აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება;

5. უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრების ასოციაციის შექმნა საქართველოში.

პროექტის განხორციელების პერიოდში, პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შედეგად, პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში და, შესაბამისად, მათი განთავსების რეგიონებში (ქართლში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში) გაიზრდება არა მხოლოდ სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, არამედ უფრო ფართო აუდიტორიის ინფორმირებულობა ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და კონსულტაციის მნიშვნელობის შესახებ (ჩატარდება საინფორმაციო კამპანიები, პრესაში გამოქვეყნდება მასალები, დაიბეჭდება ფლაერები, შეიქმნება ვებგვერდი და ა.შ.).

ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრების დაფუძნებით, პროექტში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მიიღებენ ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და დახმარებას მათი მოთხოვნის შესაბამისად. ამ დახმარებას მათ გაუწევენ ფსიქოლოგები, რომლებიც სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან ბიდგოშჩისა და ბრაშოვის უნივერსიტეტებში, მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და ევროპელი სპეციალისტების მიერ ორგანიზებულ ვორქშოპებსა და სემინარებში. ასევე, შემუშავდება რეკომენდაციები და საკანონმდებლო დოკუმენტაცია, შეიქმნება უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრების ასოციაცია, რაც ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების მდგრადობასა და მის სიცოცხლისუნარიანობას.


პროექტის მატერიალური და არამატერიალური შედეგები:

1. მოხდება ადგილობრივი საჭიროებების კვლევა და ანალიზი, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი, რის საფუძველზეც შემუშავდება სასწავლო მასალა ფსიქოლოგებისა და მრჩევლებისთვის, ევროკავშირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემუშავდება სტრატეგია, ეთიკური რეგულაციები და პროფესიული ჩარჩოები.

2. პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით განხორციელდება საინფორმაციო ვიზიტები ევროკავშირის პარტნიორ უნივერსიტეტებში (ბიდგოშჩსა და ბრაშოვში). იქვე ფსიქოლოგებისთვის ჩატარდება ტრენინგები.

3. პროექტში მონაწილე უნივერსიტეტები შეიძენენ სპეციფიკურ ფსიქოლოგიურ დიაგნოსტიკურ ტესტებს, სახელმძღვანელოებსა და აღჭურვილობებს ცენტრების სრული ფუნქციონირებისთვის.

4. შეიქმნება გაიდლაინები უნივერსიტეტების მასწავლებლებისთვის.

5. ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრები გაიხსნება საქართველოს 9 უმაღლეს სასწავლებელში.

6. მოხდება განვითარების გეგმის დოკუმენტაცია და რეკომენდაციების შემუშავება არსებული პოლიტიკის გამტარებლებისთვის.

7. პროექტის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის.

8. შეიქმნება საქართველოს უნივერსიტეტების ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ასოციაცია (AUCCG).


პროექტი ხელს უწყობს საქართველოში უსდ-ების მართვისა და ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და სტუდენტების მხარდაჭერას ახალი სტუდენტური სერვისების დანერგვით - სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრების დაარსებით.

მოცემული პროექტი შეესაბამება საქართველოს განვითარების ეროვნულ სტრატეგიას, რადგან ის პირდაპირ პასუხობს სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და მათი განხორციელების გზებს, რომლებიც მოცემულია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარებისა და სამოქმედო გეგმის 2015-2020 წლების სტრატეგიულ დოკუმენტში“ (https://matsne.gov.ge/ka/document/view/2667876?publication=0).


პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაამტკიცა ქვეპროგრამა „სტუდენტების ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისის პლატფორმის მხარდაჭერა“.

ქვეპროგრამის მიზანებია:

- ხელი შეუწყოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სტუდენტთა სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პლატფორმის შექმნას;

- ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება უსდ-ებისთვის;

- პერსონალის მომზადება;

- სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური სერვისის მოდელის ფორმირება;

- გაიდლაინებისა და პროფესიული ეთიკური ჩარჩოს შემუშავება.