ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა online-ღია კარის დღეს უმასპინძლა

2020 წლის 19 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით, უფროსკლასელთა და აბიტურიენტთათვის  ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის online-ღია კარის დღე გაიმართა.

 მონაწილეებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე როგორც საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე – ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა მოწესრიგების თვალსაზრისით. მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი წარმატებით უმკლავდება ყველა გამოწვევას, მათ შორის წარმატებულად მართავს სასწავლო პროცესს ონლაინ-სივრცეში. ამასთან ერთად, იზრდება უნივერსიტეტის საერთაშორისო კონტაქტები, რაც აძლევს შესანიშნავ საშუალებას სსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს აქტიურად ჩართული იყვნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ აღნიშნა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერაა, რომელშიც, პირველ რიგში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდობა უნდა მოდიოდეს. კანცლერმა საჯარო სკოლების დირექტორებს და მასწავლებლებს შესთავაზა უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარება.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს სტუდენტთათვის. მისი თქმით, შარშან, რექტორის, ბატონ ზურაბ ხონელიძის და კანცლერ, ქალბატონ ნინო თოფურიძის მხარდაჭერით, სენატმა დაამტკიცა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებსა მონაწილეობისა და სამეცნიერო მივლინებებში გამგზავრების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.

 სსუ-ს ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ მონაწილეებს დიდი მადლობა გადაუხადა აქტიურობისა და გამოხმაურებისათვის. მან მოკლედ ისაუბრა უნივერსიტეტის ისტორიაზე და აუდიტორიას გააცნო ახლადშექმნილი ფაკულტეტის მისია და მიზნები, აღნიშნა, რომ ფაკულტეტზე წარმატებულად მოქმედებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრმები. მისი თქმით, უნივერსიტეტი ყველანაირ პირობებს უქმნის სტუდენტებს პროფესიული უნარ-ჩვევების მაღალ დონეზე შესაძენად და შემდგომ მათი პრაქტიკული გამოყენებისათვის.

 ონლაინ-ღია კარის მონაწილეებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, რომელმაც აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი მისთვის იყო და არის ის ძვირფასი ადგილი, რომელიც მას აფხაზეთთან აკავშირებს. ბატონმა დავითმა მზადყოფნა გამოხატა სსუ-სთან ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ჩატარებისა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისათვის.

 ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მარკეტოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებულმა, ბრენდ „Crosty Shoes“-ის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა გიორგი მიქაიამ აღნიშნა, რომ სსუ-ში მან შეიძინა ყველა ის თვისება, რაც მას გამოადგა მისი ბიზნესის შესაქმნელად და განსავითარებლად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფირმა მსოფლიოს 24 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მისი შექმნილი სპორტული ფეხსაცმელები ცნობილ სპორტსმენებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 შეხვედრაზე სიტყვა ითხოვა აბიტურიენტმა კოჩა ჩანგელიამ, რომელმაც აღნიშნა: მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე რამდენიმე პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტისაგან სწავლის დაფინანსება მოიპოვა, ის აპირებს სამშობლოში დარჩეს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდეს და, შემდგომ, ცოდნის გაღრმავების მიზნით, გაემგზავროს უცხოეთში.

 უნივერსიტეტის შესახებ სტუმრებს, ასევე, ესაუბრნენ ასოცირებული პროფესორები, ბატონებმა იური პაპასქუამ და ელგუჯა ქავთარაძემ.

 შეხვედრის მონაწილე დირექტორებმა და მასწავლებლებმა (ნანა ჯალაღონიამ, მზევინარ გელანტიამ, ზურაბ აძინბაიამ, ირმა ზარდიაშვილმა, სვეტლანა რურუამ, ასმათ შამუგიამ, რამინ საჯაიამ) მზადყოფნა გამოხატეს სსუ-სთან მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისათვის და ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები მათ სკოლებში მიიწვიეს. აღსანიშნავია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისედაც აპირებდა მიმდინარე სემესტრში ამ სკოლებში სტუმრობას, მაგრამ კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო, ეს გეგმა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა, თუმცა, მომავალში ჩვენ აუცილებლად ვეწვევით მათ.

 online-ღია კარის დღის შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, თბილისისა და სხვა რეგიონების საჯარო სკოლების წარმომადგენლები.