გარდაიცვალა პროფესორი ნაპოლეონ ლემონჯავა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ნაპოლეონ ლემონჯავა.
ნ. ლემონჯავა დაიბადა 1927 წლის 10 მარტს სოფ. ზუმში (ზუგდიდის მაზრა; ამჟამად – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი).
1947 წელს წარჩინებით დაასრულა სოხუმის ლ. ბერიას სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
1970 წლის 4 სექტემბერს დაიცვა პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი ქართული ენის სწავლების მეთოდიკის სპეციალობაში თემაზე „მხატვრულ ნაწარმოებთა ენის შესწავლა ქართული სკოლის IX-X კლასებში“. იმავე წელს დაიწყო მუშაობა სოხუმის სახელმწიფო პედინსტიტუტის ქართული ენის კათედრაზე; 1972 წელს აირჩიეს კათედრის დოცენტად.
1985 წლის 2 ოქტომბერს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი თემაზე „კონსტანტინე გამსახურდიას ენისა და სტილის საკითხები“; 1987 წელს აირჩიეს პროფესორად.
1994 წლიდან ქართველ მწერალთა და ლიტერატურისმცოდნეთა დამოუკიდებელი კავშირის წევრი იყო; 1996 წლიდან კი აფხაზეთის მეცნიერებათა რეგიონალური აკადემიის აკადემიკოსი.
პროფესორი ნ. ლემონჯავა არაერთი სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორია.