სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება

    აფხაზეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ საკარმიდამო ნაკვეთების მოწესრიგების მიზნით გარკვეული სამუშაოების ჩატარებისას, ფრიად არასახარბიელო მდგომარეობა დაფიქსირდა, რაც განსაკუთრებით აფხაზეთის მოსახლეობის ტრაგედიაში გამოვლინდა: ხანძრით გამოწვეული სტიქია ანადგურებს არა მხოლოდ დასახლებების მიმდებარე სავარგულებს, უნიკალური ტყის საფარს, ჩაისა და თხილის პლანტაციებს, არამედ საკარმიდამო ნაკვეთების კულტურულ მცენარეულობას, საცხოვრისებს, დამხმარე ნაგებობებს. მთლიანად გადაიწვა და დაზიანდა ათეულობით საცხოვრებელი ნაგებობა.

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული საზოგადოება, ყველანაირი პოლიტიკური განსხვავებული შეხედულებების, შეზღუდული  კომუნიკაციის არსებობის მიუხედავად, ჰუმანურობისა და კაცთმოყვარეობის, აფხაზეთის ბუნების, მოსახლეობისა და ისტორიული მონაპოვრების შენარჩუნების აღიარებული პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებას იღებს, გვერდში დაუდგეს გაჭირვებაში მყოფთ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი შესაძლებლობა, მათ შორის სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტი-ახალგაზრდების მხარდასაჭერად.

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოთქვამს იმედს, რომ ყოველი ჩვენგანი მხარში ამოუდგება ჩვენს თანამოქალაქეებს ვითარების სტაბილიზაციის მისაღწევად და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი მოსახლეობის დასახმარებლად. ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი სოლიდარობას უცხადებს სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს და, ამ მიზნით,  მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებრიობას, ჩვენს მეგობრებს, ამ ძნელბედობის ჟამს, კიდევ ერთხელ გამოგვიწოდოს დახმარების ხელი და არ დაიშურონ ძალისხმევა შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით.