ფაკულტეტის შესახებ

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტს აქვს დიდი ხნის ისტორია. ჯერ კიდევ 1932 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებისთანავე შეიქმნა ორი ფაკულტეტი - აგრო-ბიოლოგიისა და ფიზიკა-მათემატიკის. ამ უკანასკნელს ემსახურებოდა მათემატიკის კათედრა 17 პედაგოგის შემადგენლობით. მოგვიანებით, ამ კათედრის ბაზაზე შეიქმნა მათემატიკური ანალიზის (გამგე პროფესორი ვ. ჭელიძე), ალგებრისა (გამგე პროფესორი პ. ზერაგია) და გეომეტრიის (გამგე პროფესორი ნ. ვეკუა) კათედრები. ფაკულტეტის პირველი ხელმძღვანელი გახლდათ დოცენტი მ. რანეფტი (1932-1946 წ.წ.). სხვადასხვა დროს ფაკულტეტს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები კ.გახარია, შ. გულუა, ტ. ცხადაია, ი. ტაბაღუა, ო. გაბისონია, გ. ჯობავა, ს. ქიშმარია, ლ. კარბა; ომის შემდგომ, უკვე თბილისში, 1994 წლიდან დეკანებად მუშაობდნენ პროფესორები რ.აბსავა, შ. ახალაია, ჯ. ხუბუტია, ზ. მეშველიანი, გ. ქარჩავა. ამჟამად ფაკულტეტს ხელმძღვანელობს სრული პროფესორი მალხაზ აშორდია. 2006 - 2009 წლებში ფაკულტეტი აერთიანებდა ორ მსხვილ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებებს, რომლის ბაზაზეც 2009 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტები.

ფაკულტეტი ძირითადი ფუნქცია დაარსების პირველ წლებში გახლდათ ფიზიკისა და მათემატიკის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება რესპუბლიკის საშუალო სკოლებისათვის. 1972 წელს ალგებრისა და გამოთვლითი მათემატიკის კათედრასთან, კათედრის გამგის, დოც. ო. გაბისონიას და გამოთვლითი მათემატიკისსპეციალისტის თ წულაიას თაოსნობით გაიხსნა გამოთვლითი მათემატიკის კაბინეტ-ლაბორატორია. მოგვიანებით, თბილისის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა აღნიშნულ ლაბორატორიას გადასცა ათამდე მიკრო ელექტრო-გამომთვლელი მანქანა. სასწავლო პროცესის გარდა, ლაბორატორია ემსახურებოდა სოხუმის ექსპერიმენტალური პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტს, თბილისის კურორტოლოგიის ინსტიტუტის სოხუმის ფილიალს, სოხუმის აკუსტიკის ინსტიტუტს და სხვას. ამ ლაბორატორიაში ხდებოდა სამეცნიერო თემების გამოთვლითი ნაწილების დამუშავება.

ამჟამად ფაკულტეტზე ფუნქციონირებს შემდეგი ოთხი მიმართულება: ზოგადი მათემატიკის, მათემატიკური მოდელირებისა და რიცხვითი მეთოდების, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკისა და ინფორმატიკის. ფაკულტეტის ბაზაზე არსებობს "მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების " სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება