„ვისწავლოთ მშვიდობა“

2021 წლის 27 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სსუ-ისა და არასამთავრობო ორგანიზაცია – ასოციაცია  „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“-ს ერთობლივი კონფერენცია: „ვისწავლოთ მშვიდობა“ .

კონფერენციას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო თოფურიძე, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ლარისა თაკალანძე, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სსუ-ის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარები, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“-ს წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ წევრები, მცირე ბიზნეს-ასოციაციისა და თბილისის სოციალური კვლევების სკოლის წარმომადგენლები, ქართველი საზოგადო მოღვაწეები.

მონაწილეებს მიესალმა სსუ-ის რექტორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე:

– როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე ყველა ადამიანის მიზანია შერიგება აფხაზ ხალხთან, ჩატეხილი ხიდების აღდგენა და ქვეყნის გაერთიანებისთვის ყველა რესურსის თავმოყრა.

მან ვრცლად ისაუბრა ახალი საუნივერსიტეტო დიპლომატიის – როგორც მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმის – შესახებ. რექტორი გამოვიდა ინიციატივით, რომ სსუ-ის სამშვიდობო განათლების ცენტრს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის, ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, პროფესორ ზურაბ ანჩაბაძის სახელი მიენიჭოს.

„მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“-ს დამფუძნებელმა, ბატონმა ალუ გამახარიამ წარმოადგინა მოხსენება „ნდობის მშენებლობისკენ მიმართული ინოვაციური კლასტერის გამოცდილების შესახებ“. მან ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც ორგანიზაციამ აფხაზი და ოსი თანამოძმეებისთვის განახორციელა. ა. გამახარიამ საზოგადოებას მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმებიც გააცნო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ასოციაცია  „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“-ს ერთობლივი პროექტების წამოწყებას და განაცხადა, რომ ყველანაირად ხელს შეუწყობს მათ განხორციელებას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა თამაზ ხუბუამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით ბატონ ზურაბ ხონელიძეს და ალუ გამახარიას მადლობა გადაუხადა განხორციელებული პროექტებისთვის. მან აღნიშნა, რომ შერიგებისკენ მიმავალ გზაზე,  ურთიერთობების დასათბობად, აუცილებელია სწორედ ასეთი იდეების განხორციელება.

საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს: ისტორიკოსმა, პროფესორმა გიორგი ანჩაბაძემ, ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ აკაკი ასათიანმა, სსუ-ის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარმა ოთარ ხუფენიამ.

სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ ყველანაირად უნდა შეეწყოს ხელი ასეთ წამოწყებებს და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში ბევრი ადამიანი უნდა იყოს ჩართული. ასეთი შეხვედრები ხშირად გაიმართოს, – აღნიშნა მან.

ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ დამფუძნებლის. ბატონ გიორგი შერვაშიძის თქმით, სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია ის ადგილი, საიდანაც უნდა დაიწყოს ქართველ და აფხაზ ხალხს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები.

კონფერენციის მუშაობა ZOOM-პლატფორმითაც ვრცელდებოდა და ამ გზით მის მუშაობაში მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯაბა სამუშია, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.