აშშ-ს დიპლომატის ვიზიტი სსუ-ში

2021 წლის 8 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, ბატონი კრისტოფერ ჯ. ანდერსონი ეწვია.

ამერიკელი დიპლომატი შეხვდა უნივერსიტეტის თანამშრომლებს, დაათვალიერა უნივერსიტეტის შენობა. ბოლოს, რექტორ, პროფესორ ზურაბ ხონელიძესთან პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

რექტორმა სტუმარს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, მისია, როლი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. აქედან გამომდინარე, საუბარი ბუნებრივად შეეხო საუნივერსიტეტო დიპლომატიის ინოვაციურ იდეას, რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო-აკადემიური პოტენციალის აქტიურ ჩართვას დიპლომატიური პრობლემების (განსაკუთრებით, კონფლიქტების) გადაჭრის საქმეში. აღინიშნა, რომ ამ იდეას უკვე ჰყავს მხარდამჭერები ევროკავშირში, სამხრეთ კავკასიაში, თურქეთში, ახლო აღმოსავლეთში და ამ ქვეყნების აკადემიური საზოგადოება მზადყოფნას გამოხატავს „საუნივერსიტეტო დიპლომატიაში“ ჩასართავად.

აღსანიშნავია, რომ არსებითად ეს იყო იმ დიალოგის გაგრძელება, რომელიც რამდენიმე თვის წინ საქართველოში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის, მისი აღმატებულება კელი დეგნანის მიწვევით, ქალბატონ ელჩსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შორის დაიწყო.

ბატონმა კრ. ანდერსონმა მადლობა გადაუხადა ბატონ ზ. ხონელიძეს გულთბილი მასპინძლობისათვის. მან აღნიშნა, რომ სტუმრობის მიზეზს წარმოადგენდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცნობა ამ მნიშვნელოვანი უმაღლესი სასწავლებლის სამომავალო საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტებში ჩართულობის მიზნით. სტუმარმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მოხიბლულია იმ ხედვებით, რომელიც შეხვედრისას რექტორმა წარადგინა, რაც ბევრად ზრდის ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობას როგორც საქართველოსთვის, ისე შეერთებული შტატების საელჩოს პროექტებისათვის. ამასთან, მეტად საყურადღებოდ და მრავალმნიშვნელოვნად ფასდება საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონცეფცია – როგორც სამშვიდობო პოლიტიკის ახალი პარადიგმა არა მარტო საქართველოსთვის, ასევე – რეგიონისა და რეგიონით დაინტერესებული სახელმწიფოებისათვის.
ბატონ კრ. ანდერსონის ვიზიტი საქართველოში აშშ-ს საელჩოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი მნიშვნელოვანი დაინტერესების გამომხატველია. ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.