საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი ასეთი სახელწოდებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა 2009 წელს სხვა დროს  არსებული,  სხვა და სხვა დასახელების, ფაკულტეტების მთელი რიგი რეორგანიზაციების შედეგად. ჯერ კიდევ 1932 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებისთანავე შეიქმნა ორი ფაკულტეტი - აგრო-ბიოლოგიისა და ფიზიკა-მათემატიკის და  სამი კათედრა- ფიზიკის, მათემატიკისა და ქიმიის. თავის ისტორიის დასაწყისში  ინსტიტუტში   სულ 17 პედაგოგი მოღვაწეობდა, ხოლო სწავლობდა 85 სტუდენტი. 1938 წელს გაიხსნა  გეოგრაფიის ფაკულტეტი. 60-იან წლებში ინსტიტუტში იყო 5 ფაკულტეტი, მათ შორის ფიზიკა-მათემატიკის, საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიული (სპეციალობებით ბიოლოგია, ქიმია და სოფლის მეურნეობის საფუძვლები, გეოგრაფია)-ფაკულტეტის დეკანი  იყო  შოთა ლაშხია.

1979 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა როგორც აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტი, ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტს 1979-1989 წლებში ხელმძღვანელობდა ზამო ზარქუა. 1989 წლის ცნობილი პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტს გამოეყო ქართული ნაწილი, რომელიც აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა უმრავლესობას აერთიანებდა. 1989 წლის 14 მაისს, უნივერსიტეტის ქართული ნაწილის ბაზაზე ჩამოყალიბდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, რომელმაც 1993 წლიდან ქ. თბილისში გააგრძელა ფუნქციონირება. ამ წლებში ფაკულტეტს ხელმძღვანელობდნენ ჯუმბერ ხუბუტია, ზურაბ ფაჩულია. 1997 წელს ცალკე გამოიყო ორი ფაკულტეტი  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (აერთიანებდა 2 მიმართულებას-ქიმია და გეოგრაფია) -დეკანი ზურაბ ფაჩულია  და ბიოლოგიის -დეკანი გულნარა ქარჩავა. 2000 წელს ცალკე  გამოიყო ფიზიკის ფაკულტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ალექსანდრე მიმინოშვილი. 2005 წელს მთელი 4 ფაკულტეტების რეორგანიზაციის შედეგად  ჩამოყალიბდა თსუ სოხუმის ფილიალის (2007 წლიდან სოხუმის უნივერსიტეტის, 2008 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელსაც იმ წლებში ხელმძღვანელობდნენ დეკანები შოთა ახალაია, ჯუმბერ ხუბუტია, ზურაბ მეშველიანი, გულნარა ქარჩავა.      

2009 წელს ჩამოყალიბდა სსუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, რომელიც შვიდ მიმართულებას აერთიანებს: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა,  გეოგრაფია, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ეკოლოგია და ფარმაცია, ფუნქციონირებს სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სასწავლო პროგრამები. 

ამჟამად ფაკულტეტზე სწავლობს 372 სტუდენტი. აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის წესით არჩეულია 6 სრული, 18 ასოცირებული და 4 ასისტენტ-პროფესორი. ფაკულტეტს  ხელმძღვანელობს ბიოლოგიის დოქტორი, ასოც. პროფესორი მარინა ზარქუა.


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დებულება