საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

 2022 წლის 10 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დოქტორი ღასან ხალილი ეწვია. სტუმარმა და უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ზურაბ ხონელიძემ ისაუბრეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიაზე განათლების სფეროში და ბავშვის უფლებების საკითხების სწავლების მნიშვნელობაზე საგანმანათლებლო პროგრამებში.

საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მოინახულეს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაერო-ს ბავშვთა ფონდის და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 2021 წლის ივლისში დაარსებული ბავშვის უფლებების ცენტრი.

ენტრის მისიაა, ხელი შეუწყობს ბავშვების, მშობლების, დაინტერესებული პირებისა და პროფესიონალების ინფორმირებულობას ბავშვის უფლებების საკითხებზე. ცენტრის ორგანიზებით ბავშვთა უფლებების თემაზე ჩატარდება ღია დისკუსიების, სემინარების, ტრენინგების სერია.

ბატონი ღასანი და ბატონი ზურაბი შეხვდნენ ცენტრში მოწვეულ ქალაქ თბილისის #89 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც ჩაუტარდათ სემინარი თემებზე: ბავშვთა უფლებები და მულტიკულტურული და მულტიეთნიკური საქართველო. სემინარი მოსწავლეებს ჩაუტარეს ასოცირებულმა პროფესორებმა ლია ახალაძემ და თამარ შინჯიაშვილმა.

ბატონი ღასანი ესაუბრა მოსწავლეებს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ მეტად აქტუალურ თემებზე, გაიმართა საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია. სემინარის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სსუ-ს ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ აპრილის თვეში თიმსის პლატფორმაზე ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობის სერთიფიკატები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებების ცენტრი დაინტერესებული პირებისთვის გააგრძელებს ღია დისკუსიების, სემინარების და ტრენინგების სერიას.