სიახლეები

რექტორ ზურაბ ხონელიძის წიგნის პრეზენტაცია საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში

2023 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია.

 

ღონისძიება გახსნა, რექტორსა და აუდიტორიას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი. მან ხაზი გაუსვა მონოგრაფიაში ასახულ უნიკალურ ხედვას, რომელიც, ეფუძნება რა საუნივერსიტეტო დიპლომატიის ინოვაციურ იდეას, ითვალისწინებს კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოწესრიგებას და მტკიცე მშვიდობის დამყარებას ისეთ რთულ და წინააღმდეგობრივ რეგიონში, როგორიც კავკასიაა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს მოწვევისა და ამ საკითხით დაინტერესებისათვის. მან თავის სიტყვაში მიმოიხილა ის მიზეზები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას, ზოგადად, კავკასია და, კერძოდ, კი – საქართველო. ეს პრობლემები, წლებია, გადაწყვეტას ელოდება, მაგრამ საამისოდ საჭიროა ახლებური მიდგომა, რომელიც შესაბამისობაშია დროის მოთხოვნებთან და ითვალისწინებს რეგიონით დაინტერესებულ სახელმწიფოთა ინტერესებს. სწორედ ასეთ სინერგიულ ხედვას წარმოადგენს მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმა საუნივერსიტეტო დიპლომატიის სახით.

 

ღონისძიების დასასრულს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს აღნიშნულ ნაშრომთან დაკავშირებით და მას მაღალი შეფასება მისცეს.

ფოტო გალერეა