სიახლეები

საქართველოს ევროპული არჩევანი

2023 წლის 22-25 დეკემბერს დაბა სტეფანწმინდაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სამშვიდობო განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ევროპული არჩევანი“.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტული მნიშვნელობისაა ევროპულ საგანმანათლებლო-კვლევით პროცესებსა და საგრანტო პროექტებში მონაწილეობა. ამასთან ერთად, ჩვენი უნივერსიტეტი ერთადერთი ქართული უმაღლესი სასწავლებელია, რომლის რექტორი პირადად იყო მიწვეული ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ სახელით ცნობილი სამშვიდობო ინიციატივების წარსადგენად.

ათიოდე დღის წინ, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რაც კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და, ამასთან ერთად, გარკვეული გამოწვევების წინაშე გვაყენებს.

კონფერენციაც მეტად დატვირთული იყო საინტერესო მოხსენებებით, რომლებიც შეეხო არაერთ მნიშვნელოვან საკითხს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში:

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე: „საქართველოს ევროპული არჩევანი“;

პროფესორი მალხაზ კაკაბაძე: „საქართველო და ევროპის საბჭო“;

მკვლევარი ვახტანგ ჭანია: „ევროპული ოჯახი და ქართული მენტალობა“;

პროფესორი ლარისა თაკალანძე: „ევროკავშირი საქართველოსთვის – ახალი შესაძლებლობები“;

პროფესორი დავით ჯალაღონია: „საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობები“.

წარმოდგენილი მოხსენებების გარშემო დისკუსიები გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ფორუმში დისტანციურად ჩაერთნენ ოკუპირებულ ზონაში მცხოვრები ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და მზაობა სამშვიდობო პროცესებში აქტიურად ჩართვისა. მათ მხარი დაუჭირეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივებს ამ მიმართულებით.

კონფერენციას საპატიო სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბატონი თამაზ ხუბუა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერას“ პრეზიდენტი, მშვიდობის მსოფლიო ელჩი, ქალბატონი დალილა ხორავა.

ფოტო გალერეა