სიახლეები

სეუ-ში „მშვიდობის ქართული პარადიგმის“ პრეზენტაცია გაიმართა

2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია შედგა.

 

სტუმარს მიესალმა სეუ-ს დამფუძნებელი და რექტორი, პროფესორი გია კავთელიშვილი, რომელმაც მადლობა გადახადა სსუ-ს ხელმძღვანელს სტუმრობისათვის.

 

ბატონი გია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და მისი რექტორის მეგობარი გახლავთ. სეუ-ს ხელმძღვანელის მნიშვნელოვან მხარდაჭერას ჩვენი უსდ არაერთ ინიციატივაში გრძნობს, რასაც მადლიერებით აღვნიშნავთ.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა მშვიდობის ქართული პარადიგმის – საუნივერსიტეტო დიპლომატიის – შესახებ, რასაც აუდიტორიის მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. მომხსენებელს სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის არაერთ აქტუალურ შეკითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა.

 

ღონისძიების დასასრულს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა დავით აფციაურმა საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა და მაღალი შეფასება მისცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინოვაციურ იდეას და მის საფუძველზე შექმნილ მონოგრაფიას:

 

– საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში დავესწარი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორის, ელჩის ბატონი ზურაბ ხონელიძის ნაშრომის „მშვიდობის ქართული პარადიგმის“ პრეზენტაციას. ვფიქრობთ, აღნიშნული ნაშრომი არა მარტო საინტერესოა და ეხება საქართველოსთვის არსებით, მტკივნეულ პრობლემას, არამედ მას გააჩნია საერთაშორისო მნიშვნელობაც, განსაკუთრებით მრავალმხრივი დიპლომატიის შესუსტების (მაგალითად, გაერო) და საერთოდ – გლობალური კრიზისის პირობებში.

კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა ასევე მცირდება გლობალური დაპირისპირების ფონზე, როდესაც გლობალური მოთამაშეები სხვა დონის გამოწვევებს ებრძვიან, აქცევენ ნაკლებ ყურადღებას ადრინდელ საფრთხეებს. ამ მიმართებით კონფლიქტების დარეგულირების ახალი მიდგომების განხორციელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ამასთან დაკავშირებით, პროფესორი ზ. ხონელიძე გვთავაზობს საუნივერსიტეტო დიპლომატიის საინტერესო, როგორც პოსტკონფლიქტური კონსტრუქციული, ნდობაზე აგებული, განვითარების  მოდელს. მან წარმოადგინა საკუთარი არგუმენტები, თუ როგორ შეუწყობს ხელს ამ მიდგომის გამოყენება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. მომხსენებელმა ღრმად და შინაარსიანად განიხილა გლობალური კრიზისის პირობებში თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ახალი ტენდენციები. ჩვენი აზრით, მართებულად გამოყო რეგიონალური თანამშრომლობის მზარდი მნიშვნელობა, განსაკუთრებით ეკონომიური კოოპერირების მოტივირების საფუძველზე.

ნაშრომის მასალა კარგად სტრუქტურირებულია, ადვილად იკითხება, რაც ზრდის მკითხველთა აუდიტორიას. ვფიქრობთ, მონოგრაფიის გამოყენება მიზანშეწონილია საუნივერსიტეტო სასწავლო და კვლევით პროგრამებში, რომლებიც ეხება კონფლიქტების მოგვარების პრობლემატიკას, – აღნიშნა პროფესორმა დ. აფციაურმა.

ფოტო გალერეა