სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარიელ ფუტკარაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ენათმეცნიერის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც მის სამეცნიერო საქმიანობასა და ქართველოლოგიის სფეროში შეტანილ წვლილს მიეძღვნა.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მერაბ ნაჭყებიამ. დამსწრე საზოგადოება დალოცა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის რექტორმა, მამა მირიან სამხარაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა - როლანდ თოფჩიშვილმა, ივანე ლეჟავამ და მიხეილ ქართველიშვილმა; ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა.

ღონისძიების ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა და ფილოლოგიის დოქტორმა მიშა ლაბაძემ.

მემორანდუმის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო ხელმძღვანელმა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა ტაბიძემ.

ღონისძიებაზე, ასევე გაიმართა ჟურნალ „ქართველოლოგიის თანამედროვე პრობლემების“ ვებგვერდის პრეზენტაცია. პრეზენტაცია წარმოადგინეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ფილოლოგიის დოქტორმა მიშა ლაბაძემ და პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის შვილმა, ფილოლოგიის დოქტორმა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ნათია ფუტკარაძემ.

ღონისძიება აკადემიური შეხვედრის ფორმატში წარიმართა და ქართველოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას შეეხო.

ფოტო გალერეა