სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის პარლამენტში

ევროპის პარლამენტის წევრის, ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტისა და ჯგუფ „ეკრ“ („ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი“ – ევროპის პარლამენტში არსებული მემარჯვენე ცენტრისტული მიმართულების გაერთიანება) წევრის, პოლონელი პოლიტიკოსისა და მეცნიერის, ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის, პროფესორ კაროლ კარსკის მიწვევით, 2023 წ. 17-19 ივლისს ბრიუსელში იმყოფებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით.

 

ვიზიტის პირველ დღეს დელეგაცია ბელგიაში ქართულ სამრევლოსა და მის წინამძღვარს, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე დოსითეოს (ბოგვერაძე) ეწვია და მისგან კურთხევა ითხოვა. მღვდელმთავარი მიესალმა და დალოცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და დელეგაციის წევრები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეპარქიაში ქართული დიასპორის ყოფა-ცხოვრებას, ემიგრირებულ თანატომელთა პრობლემებს. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე.

 

დამშვიდობებისას, მეუფემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მიმართა:

 

„ბატონო ზურაბ, უსაზღვროდ დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ. ძალიან გაგვახარეთ. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. უნიკალურად მოფიქრალი პიროვნება ბრძანდებით. აკადემიური წრის წარმომადგენლები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვისაც ვიცნობ, ცხადია, გაურბიან გარკვეულ თემებს, თუნდაც კონსტრუქციულს. გამაოცა თქვენი დამოუკიდებლობისა და ღიაობის ხარისხმა. შეიძლება ითქვას, აღმოგაჩინეთ. გამეხარდა, რომ უმეტესად სტუდენტებით იყავით წარმოდგენილი და არა აკადემიური პერსონალით. არ ვიცი, მე სიხარულისგან მგონი გადავაჭარბე გულწრფელობაში. ველი მომავალ შეხვედრას. სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ“.

 

2023 წლის 18 ივლისს კი ევროპარლამენტის ალტიერო სპინელის (ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, 1970-1976 წლებში კი – ევროკომისარი) სახელობის დარბაზში გაიმართა პანელური დისკუსია და წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია.

 

შეხვედრაზე, რომლის მთავარი მომხსენებელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ, იმსჯელეს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესებსა და რეგიონულ თანამშრომლობაზე.

 

„ჩვენი დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უშუალო მოწვევითა და მათი სრული დაფინანსებით განხორციელდა, – გვიზიარებს შთაბეჭდილებებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, – რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებთ. ევროპარლამენტის დეპუტატთა ნაწილი, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც კონფლიქტის ზონიდან მსოფლიოში პირველი ადგილნაცვალი უმაღლესი სასწავლებლისა და აქ ინიცირებული ინოვაციური სამშვიდობო ხედვის – „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ შესახებ, დაგვიკავშირდნენ და ბრიუსელში ჩამოსვლა გვთხოვეს, რათა იქვე, ევროპარლამენტის დარბაზში გვესაუბრა სამხრეთ კავკასიაზე, რეგიონულ უსაფრთხოებაზე, კონფლიქტების დარეგულირების ჩვენეულ ხედვასა და განათლების სისტემაზე“.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო უპრეცედენტო მოვლენა ევროპის პარლამენტის ისტორიაში, როცა ევროპარლამენტმა მიიწვია უმაღლესი სასწავლებლის რექტორი პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისათვის. ბუნებრივია, პროფესორ ზურაბ ხონელიძისადმი ინტერესს ზრდიდა და ზრდის მრავალკომპონენტიანი ფაქტორი: ის არის დიპლომატი, რომელსაც მონაწილეობა მიუღია არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში, ამასთანავე, ზ. ხონელიძე არის მეცნიერ-მკვლევარი და უმაღლესი სასწავლებლის მენეჯერი. ამდენად, მის ხელთ არსებული ცოდნა, ინფორმაცია, იძლევა შესაძლებლობას მთელი რიგი საკითხების შესახებ კომპლექსური ხედვის ჩამოყალიბებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა.

 

„ინტერესი ძალიან დიდი იყო. მათ ყველაფერი აინტერესებდათ, რაც უკავშირდება საქართველოს, სამხრეთ კავკასიას, კონფლიქტებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას. მე აღვნიშნე, რომ „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმა ქართული იდეაა, რომელიც ხელს უწყობს ახალი სამშვიდობო სივრცის შექმნას, ახალ სამეზობლო პოლიტიკას, სამხრეთკავკასიურ რეგიონულ უსაფრთხოებას, რომელიც საერთაშორისო მშვიდობის ნაწილი და ფაქტორი გახდება“, – ამბობს ზ. ხონელიძე.

 

რა არის „საუნივერსიტეტო დიპლომატია“? დაინტერესდნენ ევროპელი პოლიტიკოსები. ამ კითხვაზე მათ ვრცელი პასუხი მიიღეს ინოვაციური იდეის ავტორისაგან. ამასთან ერთად, ხაზი გაესვა „საუნივერსიტეტო დიპლომატიისადმი“ გამოხატულ სამეცნიერო-პრაქტიკულ ინტერესს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში.

 

„ვუთხარი, რომ ამ იდეის საფუძველზე ჩვენ შევქმენით სამენოვანი სამაგისტრო პროგრამა და დავაფუძნეთ სამშვიდობო განათლების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი, ჩვენი დელეგაციის წევრი, ბატონი ლევან გერაძე აუდიტორიას წარვუდგინე“, – გვიპასუხა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

 

რა თქმა უნდა, ევროპარლამენტის დეპუტატებს აინტერესებდათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოსაზრებები საქართველო-NATO-ს ურთიერთობების შესახებ.

 

„დიახ, NATO ჩვენი პრიორიტეტია, ვუპასუხე პატივცემულ დეპუტატებს ამ აქტუალურ კითხვაზე. ხაზი გავუსვი, რომ ჩვენი სამშობლო, არა წევრ სახელმწიფოებს შორის, პროცენტულად ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ამ სამხედრო-პოლიტიკური ინსტიტუციის სამშვიდობო მისიებში. თუმცა, საკუთრივ NATO-ში კარგად იციან, რა დადებითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს საქართველოს გაწევრიანებას ამ ორგანიზაციაში და რამ შეიძლება დააზარალოს საქართველო. პირველ რიგში, ეს იქნება დაპირისპირება რუსეთთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებული აქვს. ამიტომ, საკუთრივ ბრიუსელი ცდილობს საქართველოს აარიდოს გართულებები და ამასთანავე ყველაფერს აკეთებს ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობის გაზრდისა და აქ დემოკრატიული პროცესების განმტკიცებისათვის, – აღნიშნავს რექტორი ზ. ხონელიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან საუბარში. – ამასთანავე, ისიც ვუთხარი, რომ NATO-ს წესდების V მუხლი ეს მაინცდამაინც ევროპულ-ამერიკული მიგნება არაა. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებდა ცნობილი ქართველი მეფე დავით აღმაშენებელი ამ 900 წლის წინ. ერთიანობა იცავდა იმდროინდელ კავკასიას გარეშე მტრებისგან. რახან NATO გაწევრიანების გზაზე დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას აყენებს უპირველეს ყოვლისა, თამარის ეპოქა და ყუთლუ-არსლანის დასის მიერ ინიცირებული „კარვის“ შესახებაც ვისაუბრე, მით უფრო, რომ ევროპარლამენტში გახლდით. სწორედ ის „კარავი“ იყო საპარლამენტო ცხოვრების წინა სახე, რომელზეც ევროპაში საუბარი გაცილებით გვიან, XIII საუკუნის მიწურულს დაიწყეს. რა თქმა უნდა, ევროპა, კონკრეტულად კი ძველი საბერძნეთია დემოკრატიის მშობელი, მაგრამ არც ჩვენთვისაა უცხო ტოლერანტიზმი, პლურალიზმი, საჯაროობა. შესაბამისი მაგალითებიც მოვიხმე საქართველოს ძველი ისტორიიდან, რაც, დამერწმუნეთ, მათთვის უცნობი იყო. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ ჩვენს მეგობრებთან სათქმელის სწორად მიტანას. ვსაუბრობთ ევროპელებთან საქართველოზე, მაგრამ მთავარ აქცენტებს ვკარგავთ მეორეხარისხოვან მოვლენებზე ყურადღების გადატანით. არადა, კოლხურ-იბერიული სამყარო, შეიძლება ითქვას, ძველ საბერძნეთთან ერთად, თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის აკვანია. ის ღირებულებები, რომელსაც „ევროპულს“ ვუწოდებთ, ასევე ქართულიცაა. უნდა გითხრათ, რომ ძალიან ყურადღებით ისმენდნენ“.

 

რა ხდება სამხრეთ კავკასიაში, როგორ უნდა იქცეს ერთ-ერთი რთული რეგიონი მტკიცე მშვიდობის სივრცედ, რა როლი აქვს აქ საქართველოს? ეს კითხვა დაესვა „მშვიდობის ქართული პარადიგმის“ ავტორს.

 

„რთული კითხვაა, თუმცა პასუხგაუცემელი ნამდვილად არ არის. კავკასიაში ვისაუბრე საქართველოს ისტორიულ როლზე, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა იყო რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი. თუმცა, ამჟამად, მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური საშინაო და საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე, ასე არ არის, მაგრამ საქართველოს აქვს შესაძლებლობა თავისი როლი დაიბრუნოს. ჩვენს ქვეყანას გააჩნია ყველა ის ობიექტური პირობა, რომელიც საამისოდ საჭიროა, თუმცა ეს უნდა მოხდეს ევროპასთან, დასავლეთთან, რეგიონით დაინტერესებულ საერთაშორისო მოთამაშეებთან ერთად, ურთიერთ ინტერესების გაზიარებითა და აღიარებით. საქართველო პროდასავლური ორიენტაციის სახელმწიფოა, მაგრამ, ამასთან ერთად, ის აღმოსავლეთის ბუნებრივი ნაწილიცაა, რომელსაც ზურგს ვერ აქცევს, ვერ ჩამოიშორებს. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მენტალობა, კულტურა, სწორედ დასავლეთ-აღმოსავლეთითაა ნასაზრდოები და განვითარებული. ამიტომ, ვართ ევროპისკენ ორიენტირებული, ასევე, აღმოსავლეთის ინტერესებსაც ვითვალისწინებთ. სამივე კონფლიქტი, რომელიც რეგიონში გვაქვს, სწორედ ასე გადაწყდება. ერთობლივად, ყველა მონაწილისა და რეგიონით დაინტერესებულ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან ერთად, საუნივერსიტეტო დიპლომატიის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, იქმნება სამხრეთკავკასიური საუნივერსიტეტო ასოციაცია, რომელშიც ჩაერთვებიან, უმაღლესი სასწავლებლების გარდა, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რელიგიური ინსტიტუციები. ცენტრი კი ქ. თბილისი იქნება. საქართველო აფხაზეთის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ის მაინც იარსებებს. აი, აფხაზეთი კი საქართველოს გარეშე განწირულია. სწორედ ამას იაზრებს აფხაზი ახალგაზრდობა და ცდილობს საკუთარი ხალხის მომავლის გადარჩენას. ევროპელ დეპუტატებს წარვუდგინე აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა და აღვნიშნე, რომ ის თბილისში ცხოვრობს. მისთვის აფხაზეთის მომავალი დღეს მხოლოდ დედა-საქართველოს უკავშირდება და ჩემი თხოვნით, ჩვენმა უმცროსმა აფხაზმა მეგობარმა ჩვენს ევროპელ მეგობრებს აფხაზურ ენაზე მიმართა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან ევროპარლამენტში აფხაზურმა ენამ პირველად გაიჟღერა“, – აღნიშნა ზ. ხონელიძემ.

 

შეკრებილებს უნივერსიტეტის სახელით მიმართა სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან გერაძემ.

 

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები: ფრაქციის თავმჯდომარე იოანნა კოჩინსკა, კავკასიის ჯგუფის წევრი კოსტავას ზვოტოვსკი, რუსეთთან ურთიერთობის ჯგუფის წევრი რიჩარდ ჩარნეცკი, უხუცესი პარლამენტარი ჰენდრიკ პროვარი, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ბრიუსელში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირმა დიხამინჯია, სსუ აკადემიური საბჭოს წევრი, პროფესორი ნანა გულუა, ვარშავის ბოლესლავ პრუსის სახელობის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი, ბატონი გიორგი ჯეჯეია.

 

შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ევროპარლამენტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მომავალი თანამშრომლობა. ამა წლის სექტემბერში სსუ უმასპინძლებს ევროპელ დეპუტატთა დელეგაციას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ პროფესორი ზურაბ ხონელიძე არის პირველი რექტორი არა მარტო საქართველოდან, არამედ – ზოგადად მსოფლიოდან, რომლის მიმართ ევროპარლამენტმა ასეთი პატივი გამოხატა და მიიწვია ბრიუსელში საერთაშორისო ურთიერთობებში ინოვაციური მიდგომის, მშვიდობის ქართული პარადიგმის – „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ პრეზენტაციისათვის.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური მიწვევა და ვიზიტი ევროპარლამენტში ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის 90-წლიან ისტორიაში. ევროპარლამენტარებმა სრულად გაიზიარეს და აღიარეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობა.

ფოტო გალერეა