news

წმინდა საყდრის დესპანის ვიზიტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2025 წლის 25 თებერვალს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ წმინდა საყდრის დესპანს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიათა დუაიენს, მონსინიორ ანტე იოზიჩს უმასპინძლა.

შეხვედრაზე რექტორმა ვატიკანის დიპლომატს გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია და მისია, ესაუბრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიზნით შემუშავებულ ახალ ხედვაზე, „საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე“, რომელიც, კარგა ხანია, მსოფლიოს არა ერთი უნივერსიტეტისა და ცნობილი დიპლომატის ყურადღებას იმსახურებს, როგორც მშვიდობის ქართული პარადიგმა.

საუბრისას განხილულ იქნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მომავალი ვიზიტი იტალიაში. დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრა როგორც საუნივერსიტეტო-აკადემიურ წრეებთან, ასევე – ვატიკანის წარმომადგენლებთან.

არქიეპისკოპოსმა ანტე იოზიჩმა აღნიშნა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისი რექტორის მიერ ინიცირებული უდავოდ მნიშვნელოვანი იდეის – საუნივერსიტეტო დიპლომატიის – შესახებ მას ინფორმაციები უკვე ჰქონდა. დესპანმა აღნიშნა, რომ ძალიან მოხიბლულია ამ იდეით და იზიარებს საუნივერსიტეტო დიპლომატიის უნიკალურ ხედვას, რომელსაც აუცილებლად სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა.

წმინდა საყდრის დესპანმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის ოფიციალური ჯილდო – იოანე-პავლე II-ს მედალიონი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. რექტორმა უნივერსიტეტის სტუმარს საკუთარი მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ უსახსოვრა.

Photo gallery