news

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან

2025 წლის 27 ივნისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს, ერთი მხრივ, რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და მეორე მხრივ, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, უნივერსიტეტებს შორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პირველი, ვისთანაც სახალხო დამცველის აპარატმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

- ყველა ჩემი გამოსვლა, საქართველოში თუ საერთაშორისო მასშტაბით, იწყება სოხუმისა და ცხინვალის საკითხებზე ლაპარაკით. ეს კონფლიქტები ძალზე მაწუხებს, როგორც სახალხო დამცველს, ასევე, როგორც ამ ქვეყნის შვილს. სოხუმის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის საავტორო ნაშრომი „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ სწორედაც რომ უნდა გახდეს სახელმძღვანელო ყველა ინსიტუციისთვის, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების სახელმწიფოებრივი  მიდგომის  მოდელი. ეს არის უნიკალური მიდგომა და ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ყველა საკითხი დარეგულირდეს მშვიდობიანი გზით. იმედი მაქვს, რომ თქვენი სტუდენტებიც ბევრ სასარგებლო უნარ-ჩვევას შეიძენენ სახალხო დამცველის აპარატში სტაჟირებისას და ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება.“            

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, მადლობა გადაუხადა ბატონ ლევან იოსელიანს თანამშრომლობის ინიციატივისთვის და აღნიშნა:

- მიხარია, რომ ჩემს სამშობლოს ჰყავს თქვენნაირი ერთგული შვილი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი ქვეყნისა და ხალხის უფლებების დაცვა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი როგორც აქამდე, ყოველთვის იქნება გამორჩეული კერა მშვიდობის დაცვის საკითხებში. ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან სახალხო დამცველის აპარატთან ერთობლივ ღონისძიებებში და თავისი სამშობლოსა და ხალხის უფლებების დასაცავად, როგორც აქამდე, ყოველთვის მზად იქნებიან .“   

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა; აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება; საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; პროფესორების, ტრენერებისა და ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფა მხარეთა მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში; ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებასა და გამოქვეყნებაში მონაწილეობა.

Photo gallery