news

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის პერსპექტივები

2025 წლის 4 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ელექტრონული სწავლების კომპანიის „Astria Learning“-ის დამფუძნებელი დოქტორი ჯეფ ბორდისი და Ecampus პარტნიორობის მენეჯერი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ზურაბ ერისთავი ეწვივნენ.

„Astria Learning“ ტამპაში (ფლორიდის შტატი, აშშ) დაფუძნებული და ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი ელექტრონული სწავლების კომპანიაა, რომელიც ონლაინ სწავლების პლატფორმების (LMS) დანერგვასა და ჰოსტინგს, მთელი მსოფლიოს აკადემიურ დაწესებულებებს სთავაზობს, რაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხმარება უფრო ხელმისაწვდომი და მასშტაბური გახადონ სწავლება და ამ პროცესში ჩაერთონ სტუდენტები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. 

სტუმრებმა სსუ-ის აკადემიურ პერსონალს გააცნეს ონლაინ სწავლების პროექტის შინაარსი, რომლის მიზანიცაა ონლაინ სწავლების სწრაფად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, განსაკუთრებით კი ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.

პრეზენტაციის შემდეგ, სსუ-ის აკადემიურმა პერსონალმა პროექტის შესახებ კითხვები დასვა და გაიმართა დისკუსია.

რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტით დაინტერესებისათვის და აღნიშნა, რომ „Astria Learning“-ის შემოთავაზება სრულ თანხმობაში მოდის როგორც უნივერსიტეტის მისიასთან, რაც გულისხმობს სწავლების ინოვაციური ფორმების დამკვიდრებას, ასევე – საუნივერსიტეტო დიპლომატიის სულისკვეთებასთან.

გადაწყდა, რომ უახლოეს ხანებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „Astria Learning“-ს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

Photo gallery