news

ინოვაციური სწავლებისა და კვლევის მეთოდები: აკადემიური კომპეტენციების განვითარება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის 12-14 სექტემბერს კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში“, გაიმართა ტრენინგი, თემაზე: „ინოვაციური სწავლებისა და კვლევის მეთოდები: აკადემიური კომპეტენციების განვითარება“.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის საბჭოს გასვლითი სხდომა, სადაც ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა განიხილა მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის პროცესები, დაგეგმილი ინიციატივები და განვითარების სტრატეგიული მიმართულებები. სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტის თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებთან ინტეგრაციასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

 

ტრენინგის მთავარი მიზანი იყო:

✔︎ სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციისათვის მომზადება;

✔︎ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება, სწავლებისა და კვლევის ინოვაციური მიდგომების ათვისება;

✔︎ ინტერდისციპლინური თანამშრომლობის ხელშეწყობა.

აღნიშნული მიზნები ხელს უწყობს როგორც სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე უნივერსიტეტის სამართლის პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობასა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას.

სემინარი ოფიციალურად გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა თეა ჯუღელმა. მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია სწავლებისა და კვლევის ინოვაციური მეთოდების დანერგვა, რაც უზრუნველყოფს როგორც აკადემიური ხარისხის გაუმჯობესებას, ისე უნივერსიტეტის საერთაშორისო სივრცეში კონკურენტუნარიანობის ზრდას.

სამდღიან სემინარს უძღვებოდნენ:

·         პროფ. სერგო ჭელიძე, სამართლის დოქტორი, რომელმაც ტრენინგის მონაწილეებს გააცნო სილაბუსის დიზაინისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების სპეციფიკა.

·  პროფ. ნათია მახათაძე, სამართლის დოქტორი, რომელმაც წარადგინა თემები სამართლებრივი კვლევის თანამედროვე მიდგომებისა და ინტერდისციპლინური სამართლის კვლევის მეთოდების შესახებ.

·   პროფ. ზვიად გაბისონია, სამართლის დოქტორი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ტრენინგის ფარგლებში ისაუბრა სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე - გაციფრულების პროექტზე, რომელიც გულისხმობს საქართველოში გაცემული დიპლომების ციფრული ასლების გენერირებას და მათ საერთაშორისო აღიარებას. შეხვედრის დროს განხილულ იქნა განათლების კანონში შეტანილი ცვლილებები, აგრეთვე ხელოვნური ინტელექტის სფეროში სტრატეგიული განვითარების საკითხები.

 

ტრენინგის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი სესია, სადაც მონაწილეებმა შეაფასეს მიღებული გამოცდილება და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ განაგრძობს აქტიურ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს განათლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლებას, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებთან ინტეგრაციას.

Photo gallery