ულმობელმა
კოვიდ-პანდემიამ კიდევ ერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქართველი მეცნიერი, მამულიშვილი,
უმაღლესი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული ხელმძღვანელი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, პოეტი, პროფესორი რევაზ სტურუა შეიწირა.
სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ადმინისტრაციის სახელით,
უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი რეზოს უახლოესი უმცროსი მეგობარი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე
თანაუგრძნობს რეზო სტურუას ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს ამ
უმძიმეს დანაკლისს!
აღსანიშნავია, 2019 წლის 6 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი შემოქმედებითი
საღამო გაიმართა, რომელმაც განსაკუთრებულად თბილ გარემოში ჩაიარა და ბატონმა რეზომ
დამსწრე აუდიტორიის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ღონისძიებაზე მან პირობა დადო, რომ
მისი ახალი კრებულის პრეზენტაცია სწორედ ჩვენს უნივერსიტეტში გაიმართებოდა. თუმცა,
სამწუხაროდ, სიტყვაგაუტეხელმა კაცმა პირველად „დაარღვია“ პირობა: სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის კედლებში ვეღარ გაჟღერდება ბატონი რეზოს ლექსი ავტორის დეკლამაციით...
ბატონ
რეზოს განსაკუთრებული ფაქიზი დამოკიდებულება გააჩნდა აფხაზეთის მიმართ, რომელსაც საკუთარი
შემოქმედებითაც არა ერთხელ სათუთად შეეხო. დაუვიწყარი პოეტური ქმნილებები უძღვნა საქართველოს
ეროვნულ გმირებს – ჟიული შარტავასა და გურამ გაბისკირიას. გვწამს, რომ ზეციურ საქართველოში
გამორჩეულ ქართველ მამულიშვილთა სულები ერთმანეთს შეხვდებიან და უფალს სამშობლოს შეავედრებენ!
აფხაზ ძმას
მე, შენ და მთვარე ჩაგვძირა
და მოგვიტაცა ენგურმა,
ვერც ჩვენმა ძმობამ გვიშველა,
ვერც „დოუ ნანამ“ მეგრულმა.
მე და შენ ძუძუმტეობას
დღესაც თავს ესხმის მავანი,
ორივემ ვიცით, სადაც დევს
ამ ვერაგობის თავანი.
დღესაც კი, სადაც ენგურზე
ის ჟანგიანი ხიდია,
ჩემი და შენი ცოდვა და
დამხრჩვალი მთვარე კიდია.
... და მაინც მჯერა, ქვაყრილზე,
სადაც სისხლია შემხმარი,
მზეს მოდრეკს, ნაპირს მიაღწევს
დაღლილი თარაშ ემხვარი.
ჩემს აჭარა-აფხაზეთს
ჩემო აჭარავ, შენ ხომ ჯვარი
წმინდა ნინოსი,
ღვთით დალოცვილი, მადლიანი
მკერდით ატარე,
მუხლს ვიდრეკ შენ წინ, რომ
ცხოვრების ამაოებამ
მზე დაგიჩრდილა, ჩაგახუტა
ნახევარმთვარე.
შენ, აფხაზეთო, ჩემო ძმაო,
ჩემო ტკივილო,
დამილოცია შენი ძე და
შენი ასული,
მიიღე ჩემი გულის კვნესა,
მობოდიშება,
შენკენ გამოწვდილ ხელისგულზე
მორცხვად დასმული.
ვერ დაგაჩოქეს
(გურამ გაბისკირიას)
„Встань на колени!“ –
მტრის ბრძანებამ
სიცოცხლის წამებს
მოსდო მარწუხი,
წინაპართ სული
ამაღლდა, როცა
„Никогда в жизни“ –
იყო პასუხი.
...და როცა ტყვიამ
იჭექა ცივად,
ზიზღით, მტრობით და
შურით, უძღებით,
დაეცი მიწას
სისხლია მკერდით
და არამც, არამც,
არა მუხლებით.
ჟიული შარტავას
ენგურს ძარღვებში ჩაუდგა
ტკივილი მარადიული,
სულს ბზარავს დედის გოდება:
„სადა ხარ, შვილო ჟიული“.
ის ტყვია, გულში რომ მოხვდა
ძუძუმტეობის სამყაროს,
სირცხვილ-ტკივილად აწვება
ოდიშს და სამურზაყანოს.
გვირგვინად ადგას შენს სახელს
ნათელი მარადიული,
მადლობა ერთგულებისთვის,
ლამაზო ბიჭო, ჟიული!..