news

2020 წლის 12 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება, ბატონი რან გიდორი ესტუმრა. 

ვიზიტი დაიწყო საუნივერსიტეტო სივრცის გაცნობით. რექტორმა ზ. ხონელიძემ ისრაელელ დიპლომატს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას, საქართველოს ეროვნული გმირის, ბატონ მერაბ კოსტავას მემორიალური კუთხეები აჩვენა და თანამედროვე დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ფუძემდებლებზე ესაუბრა. საუბარი შეეხო უმაღლეს სასწავლებელში ქართულ-აფხაზური მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ამსახველი სივრცის მოწყობასაც.

ბატონმა ზურაბმა სტუმარს გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსი, ხაზი გაუსვა ქართველი და ებრაელი ხალხის განსაკუთრებულ ურთიერთობას, ყურადღება გაამახვილა გარკვეულ მნიშვნელოვან მოვლენებზე ჩვენი ქვეყნის წარსულში, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, სათავე დაუდო შემდგომ საუკუნეებში ევროპაში განვითარებულ პროცესებს. 

ბატონმა რან გიდორმა სრულად გაიზიარა მოსაზრებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ერთიანობისა და არაღიარების პოლიტიკის შესახებ და აღნიშნა, რომ  ამ საქმეში მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც განსაკუთრებული თვისობრიობის მატარებელი არა მხოლოდ ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში, „დაბადებული“ იდეა საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ, როგორც ინოვაციური ხედვა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა. დიპლომატის შეფასებით, ეს არის საინტერესო და ინოვაციური ხედვა როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე – საგანმანათლებლო სივრცეში და სრული მხარდაჭერა აღუთქვა ამ იდეის იმპლემენტაციის პერსპექტივას: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ის ადგილი, სადაც ეს იდეა დაიბადა, მაგრამ ის აუცილებლად გასცდება როგორც სსუ-ს, ასევე – საქართველოს საზღვრებს და საერთაშორისო ურთიერთობების სივრცეში თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს. 

ისრაელის დიპლომატიური მისიის თავკაცმა გამოთქვა გულისწუხილი, რომ, კოვიდ 19-ის პანდემიის გამო, დროებით შეფერხდა სსუ-სა და ისრაელის აკადემიურ სივრცეს შორის არსებული მჭიდრო კონტაქტები. თუმცა, ელჩი იმედოვნებს, რომ ეს პროცესი შეუქცევადია და ის აუცილებლად ჩაერთვება ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების პროცესებში.

აღსანიშნავია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქტიური სამეცნიერო კავშირები აქვს ისრაელის საგანმანათლებლო სფეროსთან. ხორციელდება ერთობლივი პროექტები ევროკავშირის ეგიდით. ისრაელის ჰაიფასა და კინერეთის უნივერსიტეტებთან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. ამასთან ერთად, „ისრაელის სახლისა“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, უახლოეს მომავალში ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში კაბინეტი „სოხუმი-იერუშალაიმი“ გაიხსნება.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ სსუ-ს რექტორის მრჩეველი სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის დარგში, პროფესორი დავით ჯალაღონია, ცნობილი ჟურნალისტი, ამერიკანისტი ნუგზარ რუხაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია.




Photo gallery