news

რექტორ ზ. ხონელიძის  წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია

2021 წლის 12 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორ, პროფესორ ზურაბ ხონელიძის  წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

წიგნის მთავარი რედაქტორია საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო ჭანტურია. რედაქტორ-გამომცემელია პუბლიცისტი ზაურ ნაჭყებია.  წიგნის რეცენზენტები არიან: დებორა ვინსლოუ ნუტერი – დოქტორი, პროფესორი, ხელოვნების გლობალური სამაგისტრო პროგრამის დამფუძნებელი, დირექტორი, ტაფტსის უნივერსიტეტი, ფლეტჩერის სამართლის სკოლა (აშშ); ალან ჰენრიკსონი – ლი ე. დირკის დიპლომატიური ისტორიის საპატიო პროფესორი და დიპლომატიური კვლევების დამფუძნებელი, დირექტორი, ტაფტსის უნივერსიტეტი, ფლეტჩერის სკოლა (აშშ); მაიკლ ქაუგილი – საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტი (აშშ-საქართველო); გიორგი ხუბუა – სამართლის დოქტორი, ბერლინის Steinbeis University-ის რექტორი, პროფესორი (გერმანია-საქართველო) სერგეი ბორისოვი – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, საექსპერტო ცენტრი „Mepa“-ს დირექტორი, სოციოლოგი (რუსეთი); ჰალიკ ბარი – ქსენეთის ვიცე-სპიკერი (ისრაელი); იბრაჰიმ თელლიოღლუ – ისტორიის დოქტორი (თურქეთი); საიდ მულიანი – ისტორიის დოქტორი, პროფესორი (ირანი); ნამიკ ალიევი – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სამართლის დოქტორი, პროფესორი (აზერბაიჯანი); სურენ არუთინიანი – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (სომხეთი); მიკოლა რიჟკოვი – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (უკრაინა); გიორგი ანჩაბაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ლია ახალაძე – ისტორიის დოქტორი, პროფესორი; სერგო ვარდოსანიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ნათელა ვასაძე – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი; როინ მეტრეველი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი; გურამ ნიკოლაიშვილი – გენერალ-ლეიტენანტი; ბადრი ნაჭყებია – ისტორიის დოქტორი, პროფესორი; ჯაბა სამუშია – ისტორიის დოქტორი, პროფესორი; გიორგი სოსიაშვილი – ისტორიის დოქტორი, პროფესორი; ვალერი ჩეჩელაშვილი – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მერაბ ჩუხუა – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიათმცოდნე, პროფესორი; ნოდარ ჭითანავა – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი.

რეცენზენტთა ფართო  სპეციალიზაცია ადასტურებს საკითხთა იმ ფართო სპექტრს და მათ კომპლექსურ ანალიზს, რომელსაც ავტორი მონოგრაფიაში ეხება, იშველიებს, იმოწმებს და აფუძნებს თავის კვლევას.

„მშვიდობის ქართული პარადიგმაში“ ავტორმა დიპლომატიისა და  განათლების პოლიტიკის შერწყმის გზით, ახალი ხედვა „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ შემოგვთავაზა. საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების განახლებული ფორმა და დიპლომატიის ახალი სახეობა, ბატონი ზურაბის ნოუჰაუა. ავტორმა თვალი მიადევნა მრავალსაუკუნოვან ქართულ გამოცდილებას – მშვიდობის ძიების პროცესში განათლებისა და დიპლომატიის, როგორც სახელმწიფოებრიობის მდგრადი და უწყვეტი განვითარების ინსტრუმენტს. ამ ისტორიულ გამოცდილებასა და წრფელ, შინაგანი მოთხოვნილებით წარმოქმნილ აზრს ეფუძნება ნაშრომში შემოთავაზებული ახალი მიმართულება – საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც უნივერსიტეტის განახლებული მისია, მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ახალი სახეობა.

„საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ უნიკალურმა იდეამ და ხედვამ ძალზე მაღალი შეფასება და მხარდაჭერა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან:  აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან. დაიგეგმა და მალე გაიმართება საერთაშორისო კონფერენციები, რომლის ძირითადი თემა სწორედ საუნივერსიტეტო დიპლომატია იქნება. მსოფლიოს რამდენიმე წამყვანმა უნივერსიტეტმა ბატონ ზურაბს  ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სილაბუსის შედგენა სთხოვა.  სსუ-ში უკვე ამოქმედდა სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“, რომელიც საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსს დაეფუძნა.

ავტორი წერს: „წინამდებარე პრობლემატიკით ავტორის დაინტერესება მხოლოდ დროის მოთხოვნა, ან პოლიტიკით გატაცება როდია. საქართველოში ათწლეულობით დაგროვილი პრობლემების ანალიზი გვიბიძგებს არსებული სტატუს-კვოს მიუღებლობისკენ. სახეზეა მოცემულობა: დროებით გაყოფილი, პოლიტიკურად დასნეულებული და ზნეობრივადაც გასაჭირში მყოფი ეროვნული სხეული, რომლის მომავალს ავტორი მხოლოდ ორგანული მთლიანობის გათვალისწინებით ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნე სამყაროს მოწყობის კონცეპტუალური სისტემის შეცვლასთან ერთად იდეების ეპოქად მოინათლა, საქართველოში აუცილებელი სიღრმისეული კვლევის შედეგად, მიგნებისა და ძველი პროცესების ამსახველი ახალი მომწესრიგებელი იდეით ჩანაცვლების ნაცვლად, ადგილი აქვს საზოგადოების გაუმართლებელ დაბნეულობას, კონფორმიზმს, მეტიც, უმძიმეს ჟამ-გამოვლილი ქართველი ერის დაუძლეველ სიღარიბესა და მისი მსხვერპლად ქცევის სამწუხარო ფაქტს! რეალურად, ქართული სახელმწიფო სამი ათეული წელია მოძრაობს ისეთ წრეზე (კალაპოტში), რომელიც აცდენილია და არ შეესაბამება ქვეყნის განვითარების ეროვნულ-სახელმწიფოებრივ, კულტურულ-ცივილიზაციურ, გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს, პრობლემების დრამატიზირების ნაცვლად, ქართველებმა, რომლებიც გონიერებით არავის ჩამოვრჩებით, უნდა ვაღიაროთ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. „რა გვჭირს?“ „რა სენით ვართ შეპყრობილნი?“ „თუ გვეშველება?“, „ვინ გვიშველის?“, პროვინციალიზმით გაჯერებულ ამ და სხვა კითხვებზე პასუხი უნდა ვეძებოთ არა ჩვენგან შორს „მიუწვდომლის წიაღში“, იქ, სადაც მისი მიგნება შეუძლებელია, არამედ, ჩვენში: საკუთარ აზროვნებაში, ქვეყნის როლის ახლებურ გააზრებასა და მისთვის დამატებითი ფუნქციის შეძენის აუცილებლობაში, მოქმედ არაეფექტიან სისტემაში, საზოგადოებაში, სახელმწიფოში, თვით პოლიტიკაში, რომელიც ანტიპოლიტიკად ვაქციეთ!

... ვფიქრობთ, აუცილებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მისი მთავარი სამოქმედო ხაზის – „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ დღევანდელი და ხვალინდელი პოტენციური შესაძლებლობების მნიშვნელობის (ღირებულების) გააზრება. ქართული სახელმწიფოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით, უნდა შეიქმნას ახალი თავისუფალი „სივრცე“, სადაც სააზროვნო ველი და სამეტყველო ენა იქნება არა ანტაგონისტური, არამედ, აკადემიური და დიპლომატიური, მარად ცოცხალი და უნიკალური თავისებურებებით.

დადგა დრო, უკეთ გაისარჯოს ქართული და აფხაზური (ასევე, ოსური) გონი და გავიაზროთ, რომ:

– ხელისუფლების დამოკიდებულება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი – ეს არის აფხაზეთის პრობლემატიკისადმი მთელი ქართული საზოგადოების დამოკიდებულების ყველაზე ფაქიზი ინდიკატორი. აფხაზეთის (ასევე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის) პრობლემატიკისადმი დამოკიდებულება – ეს არის დამოკიდებულება ერთიანი ქართული სახელმწიფოსადმი. ამდენად, ცხადია, უნივერსიტეტის წარმატება – ქართული სახელმწიფოს წარმატებაა;

– ერთი ფუძიდან აღმოცენებული ორი – აფხაზეთისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები, სტრატეგიული მნიშვნელობის ის უნიკალური კერებია, რომელთა ფუნქციონირება, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, კვლავაც არასრულფასოვანი იქნება. ჩვენი სურვილი – ერთად შევიმუშავოთ უნივერსიტეტების სტრატეგიული, მსოფლმხედველობრივი და გარემოპირობების შესაბამისი ერთობლივი სამოქმედო გეგმა, ეს არის არა გარიგება, არამედ ჩვენი დღემდე აუმოქმედებელი რესურსის აქტივობათა ერთობლიობის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც შეესაბამება ქართველისა და აფხაზის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ხელს შეუწყობს მშვიდობიან, თანაცხოვრების შეუქცევად პროცესს. გამოსავალი არის, იგი არ არის დაფარული, მთავარია, ჩვენ არ ვიყოთ დაფარულები. თუ რომელიმე „მეგობარს“ სხვაგვარად წარმოუდგენია, ჩვენ მათ იმედებს ვერ გავამართლებთ!

– ევროპულ არჩევანთან ერთად, რეალური და უმოკლესი გზა – ვემსახუროთ სამშობლოს, მის ერთიანობას, დავიცვათ ჩვენი – ქართველებისა და აფხაზების (ასევე, ოსების) ეროვნული თვითმყოფადობა, იდენტობა, გავაჩინოთ ჩვენი – უნივერსიტეტისა და ქვეყნის – საქართველოს დამატებითი საჭიროება და აუცილებლობა, გადის „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ პრინციპების დამკვიდრებასა და მის ერთ-ერთ ძირითად განმახორციელებელზე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე.

მჯერა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აფხაზეთის უნივერსიტეტთან ერთად, სწორედ ის კერაა, რომელიც ლოგიკურად ამთლიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, ესმის სამშობლოს ხმა, ვალშია მასთან და მზად არის, განსაკუთრებული ეროვნული ვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოების, ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რწმუნებულებით აღჭურვის შემთხვევაში, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მოამზადოს ქართულ-აფხაზური (ასევე, ქართულ-ოსური) საზოგადოება ჩვენი ურთიერთობისთვის – ერთობისთვის, ამ მიზნით იმოქმედოს და მოემსახუროს ისეთი მოდელის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობის გააზრების აუცილებლობის, თვითგანახლების, კონფლიქტების დარეგულირებისა და საყოველთაო მშვიდობის შენებას“.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესორ ზ. ხონელიძეს მიულოცა ახალი მონოგრაფიის გამოცემა: „ჩემთვის დიდი პატივია, დღეს თქვენთან ერთად ვსტუმრობდე  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს – უმდიდრესი ტრადიციის მქონე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით კერას. სოხუმის უნივერსიტეტს აქვს განსაკუთრებული მისია – საუნივერსიტეტო დიპლომატიის გზით მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, რაც უნივერსიტეტისთვის აჩენს ახალ შესაძლებლობას – იქცეს კონფლიქტების კვლევის ცენტრად რეგიონში. ბატონი ზურაბ ხონელიძე წარმოგვიდგენს  თავის ახალ წიგნს „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, სადაც ევროკავშირის ახალ სამოქმედო პლატფორმაზე დაყრდნობით, გაანალიზებულია თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების რეგულირების პროცესში. მონოგრაფიაში ავტორმა შემოგვთავაზა განათლების პოლიტიკის ახალი მიმართულება – საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ახალი სახეობა და წარმოაჩინა საქართველოს გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, კულტურულ-ცივილიზაციური რესურსები, რაც მას რეგიონის გამაერთიანებლის ფუნქციას შესძენს. დარწმუნებული ვარ, წიგნს დიდი ინტერესით შეხვდება საზოგადოება და იგი თავის წვლილს შეიტანს თვითგანახლების, კონფლიქტების დარეგულირებისა და საყოველთაო მშვიდობის შენების პროცესში“.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა აღნიშნა: „ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წიგნი, სადაც გამოყენებულია დიპლომატიური და აკადემიური ცოდნის ის დიდი გამოცდილება, რომელიც ავტორს გააჩნია. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ავტორს ეყო სითამამე, წიგნში ქვეყნისთვის მწვავე და აქტუალური საკითხები წარმოეჩინა. ეს წიგნი არის სახელმძღვანელო სახელმწიფოს მართვისთვის. როდესაც ვსაუბრობთ საუნივერსიტეტო დიპლომატიაზე, ვგულისხმობთ ხარისხობრივად მაღალ განათლებას, რაც ქვეყნის ნათელი მომავლის გარანტია. მეამაყება რომ საქართველოში გვყავს პროფესორი ზურაბ ხონელიძე და არსებობს მისი წიგნი „მშვიდობის ქართული პარადიგმა“.

– ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიკავოს თავისი ღირსეული ადგილი საუნივერსიტეტო სივრცეში. აქ, სადაც მიმდინარეობს ინტელექტუალური მუშაობა, სადაც ახალი თაობა პროფესიას და შესაბამის უნარ-ჩვევებს იძენს, შეიძლება ეფექტური შედეგის მიღწევა. სწორედ ამიტომაც შევარჩიეთ ჩვენი უნივერსიტეტის სლოგანად სიტყვები: „ცოდნა-აღმაშენებელი“. უდავოა, რომ უნივერსიტეტის წარმატება ქართული სახელმწიფოს წარმატების წინაპირობაა, – აღნიშნა ბატონმა ზურაბ ხონელიძემ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ულოცავს ბატონ ზურაბს ამ მნიშვნელოვანი ნაშრომის გამოცემას და წარმატებებს უსურვებს საუნივერსიტეტო და დიპლომატიურ საქმიანობაში.

Photo gallery