news

რექტორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფია იტალიურ ენაზე ითარგმნება

2022 წლის 19 ნოემბერს იტალიის რესპუბლიკის საელჩოში მიღება გაიმართა, სადაც ელჩმა, მისმა აღმატებულება ენრიკო ვალვომ ქართული და იტალიური აკადემიური წრეების წარმომადგენლებს უმასპინძლა. მიღებაზე მიწვეული იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბატონი ზურაბის მიერ შემუშავებულ ახალ საგანმანათლებლო და დიპლომატიურ ხედვაზე, რომელსაც „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ ეწოდება. აღინიშნა მისი ინოვაციურობა აკადემიური და პოლიტიკური სფეროებისათვის, რაც, უაღრესად საინტერესოა როგორც სასწავლო-სამეცნიერო, ასევე – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის იმპლემენტაციის თვალსაზრისით.

იტალიური მხარის მიერ შეხვედრაზე დაანონსდა, რომ მიმდინარეობს რექტორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ იტალიურ ენაზე თარგმნა, რომელიც 2023 წლის გაზაფხულისათვის იტალიაში გამოიცემა. იქვე დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებებიც, რაც ტუშას უნივერსიტეტის (იტალია) ეგიდით განხორციელდება: პროფესორ ზ. ხონელიძის საჯარო ლექციები და პრეზენტაციები როგორც ტუშას უნივერსიტეტში, ასევე – რამდენიმე იტალიურ უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისი ოფიციალური მიწვევა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველმა პირმა უკვე მიიღო.

Photo gallery