სიახლეები

საერთაშორისო დისკუსია კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წ. 17 მაისს აშშ-ის ტაფტის უნივერსიტეტის, სამართლისა და დიპლომატიის, ფლეტჩერის სკოლის ინიციატივით გაიმართა (ორგანიზატორი რუსეთისა და ევრაზიის კვლევებზე ორიენტირებული პროგრამის ხელმძღვანელი ერიკ ბურაკოვსკი) ონლაინ-შეხვედრა კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

 

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ მკვლევარები აშშ-დან და საქართველოდან: მაქსიმ კრუპსკი (უფლებადამცველი და ადვოკატი, მოწვეული მეცნიერი, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამაში, ფლეტჩერის სკოლა), ანატოლ ლიევენი (ბრიტანელი ავტორი, ჟურნალისტი და პოლიტიკის ანალიტიკოსი), ალმუტ როხოვანსკი (მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე, ქალთა გაძლიერებაზე, ადამიანის უფლებებზე სახალხო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად); საქართველოდან ერთვებოდა ორი მომხსენებელი: ზურაბ ხონელიძე (პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი) და ვიქტორ ყიფიანი (არასამთავრობო ორგანიზავია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, იურიდიული ფირმის „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ დირექტორ-პარტნიორი).


ამასთან ერთად, აშშ-დან მოხსენება გააკეთა საქართველოს მოქალაქე სამმა მკვლევარმა: მაია ოთარაშვილმა (ევრაზიის პროგრამის დირექტორი საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში), ეთო ბუზიაშვილმა (საქართველოში დაფუძნებული კავკასიის ატლანტიკური საბჭოს ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის (DFRLab) მკვლევარი), ლაშა კასრაძემ (პოლიტიკურ რისკებზე ორიენტირებული ანალიტიკოსი, ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის კურსდამთავრებული).


დისკუსიაზე განიხილეს, თუ რა როლს თამაშობს დღეს საგარეო გავლენა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში? რა კონკრეტულ დებულებებს შეიცავს კანონპროექტი და როგორ ადარებენ მას სხვა ქვეყნების მსგავს კანონებს? რა დემოკრატიული პრინციპები დგას სასწორზე და როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ამ კანონმა ქართველ საზოგადოებასა და მედიაზე? როგორ ჯდება კანონი საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფებების კონტექსტში? რა შეიძლება გააკეთონ ქართველმა პოლიტიკოსებმა კანონთან დაკავშირებით, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების წუხილის გადასაჭრელად? კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, როგორი იქნება საქართველოს მომავალი? როგორი გავლენა ექნება ამას საქართველოს შიდა სტაბილურობაზე და მის საერთაშორისო ურთიერთობებზე?


მსჯელობისას გამოიკვეთა რამდენიმე პოზიცია:


მაია ოთარაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი მდგომარეობა ე.წ. ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა და იმ პოლიტიკის, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს საქართველოში. ახალგაზრდობა, რომელიც დღეს გარეთ დგას, ამ კანონისა და იდეოლოგიის წინააღმდეგ იბრძვის, მათ ადვილად ვერ დაამარცხებენ, რადგან ისინი სხვა თაობას წარმოადგენენ და სხვა ღირებულებების მატარებელნი არიან. ქართველი ხალხი ყოველთვის იბრძოდა რუსული გავლენის წინააღმდეგ და ეს უკვე ყოველდღიურობად იქცა მისთვის. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს მთავრობის განწყობას აშშ-სადმი, ამერიკა ამ ბოლო დროს მათგან იტანდა ვერბალურ შეურაცხყოფას და, გამომდინარე აქედან, დღეს ამერიკის განწყობა ნელთბილია და, სამწუხაროდ, არ ვართ ჩვენ ვაშინგტონისთვის პრიორიტეტი.


ეთო ბუზიაშვილის თქმით, საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა სადაც რუსული კანონი იყო მიღებული. მთავარი და ყველაზე ცუდი, რაც ამ კანონს გააჩნია არის „განზრახვა“, რომ დასაჯოს ნებისმიერი ინდივიდი წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში. დღეს, საქართველოში, ერთმანეთს უპირისპირდება გლობალური პროგრესი და ავტორიტარიზმი. ჩვენ გვაქვს სტატისტიკური ანალიზი, რომლის მიხედვითაც ქართველი მოსახლეობის 85%-ზე მეტს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. „ქართულმა ოცნებამ“ კი, როდესაც თავიდან მოდიოდა ხელისუფლების სათავეში თავი პროევროპულ პარტიად დაასახელა, თუმცა რადიკალურად განსხვავებულად იქცევა. ქართველ ხალხს კი სჯერა, რომ საქართველო ნელ-ნელა შორდება ევროკავშირს და ევროპულ ღირებულებებს. დღეს, ქართველი ხალხი, რომელიც ქუჩაში დგას აცნობიერებს, რომ არა მხოლოდ კანონის წინააღმდეგ იბრძვიან, არამედ რუსული იდეოლოგიის წინააღმდეგაც. ისინი ევროპულ ღირებულებებს იცავენ. სახელმწიფო კი ფიზიკურ ძალას იყენებს, რათა დააშინოს და დაშალოს მშვიდობიანი გამომსვლელები.


მაქსიმ კურფსკიმ წარმოადგინა კანონის შედარებით სამართლებრივი ანალიზი და აღნიშნა, რომ ქართული „გამჭვირვალობის კანონი“ რადიკალურად განსხვავდება ამერიკისა და ავსტრალიის კანონისაგან. ქართული კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციებს (NGO) და მედიას. აღნიშნული კანონი ფიზიკურ პირებსაც არ უნდა ეხებოდეს, თუმცა ირიბად მათ მაინც ეხება.


ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, რომ დღეს საუბარია არა მხოლოდ კანონის კონტექსტზე, არამედ, ასევე, საუბარია სახელმწიფოს პოზიციაზე, რაც იწვევს დღევანდელ შედეგს საქართველოში. თუ დავაკვირდებით ამ კანონს, ჩვენ ვსაუბრობთ უცხოურ გავლენაზე, როგორც ნეგატივზე საქართველოში. როდესაც ასეთ სენსიტიურ სამართლებრივ კანონს ვეხებით, უნდა გავითვალისწინოთ ბევრი რამ – სასამართლო პრაქტიკა, ექსპერტთა მითითებები, და სხვა. როდესაც ასე არ ვიქცევით, მაშინ მსგავსი კანონის მიღება დიდი რისკების ქვეშ გვაყენებს. ეს კანონი არ არის რუსული კანონის ასლი თუმცა მასში იგრძნობა რუსული ელემენტები. ეროვნული პოზიციიდან გამომდინარე, ვეტო ყველაზე კარგი არჩევანი იქნება ამ მომენტში პრეზიდენტის მხრიდან.


ანატოლ ლეივენმაც ისაუბრა ამერიკულ და ქართულ „გამჭვირვალობის კანონზე“ და გაიზიარა მაქსიმ კურფსკის მოსაზრება. მან, ასევე, მხარი დაუჭირა მაია ოთარაშვილის მოსაზრებას, რომ სახელმწიფოს პოზიცია არასწორია. ხოლო, რაც შეეხება ხალხის ხმის ძალას, განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ მოითხოვონ არჩევნები, რომელიც, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურად უნდა ჩატარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ცუდად იმოქმედებს საქართველოზე. დღეს რაც ხდება საქართველოში, ძალიან აკნინებს და აზიანებს მას, ევროკავშირი კი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რათა არ იქონიოს ნეგატიური გავლენა და ქვეყნის სუვერენიტეტი არ დაარღვიოს.


ალმუტ როხოვანსკი აცხადებს, რომ საქართველოს ხშირად დილემის წინაშე უწევს ყოფნა. ის, ან ევროკავშირში უნდა გაერთიანდეს (ამ შემთხვევაში კი რუსეთთან ომით აშინებენ) ან მშვიდობა შეინარჩუნოს (ანუ არ შეუერთდეს ევროკავშირს). დღევანდელი სიტუაციაც კი, ქართველებს დიდ ტრავმას და სტრესს აყენებს.


ლაშა კასრაძე შეეხო დღევანდელი მთავრობის პოზიციას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არაა პრორუსულად განწყობილი, არამედ პირიქით – პროევროპულია. რაც შეეხება აშშ-ს გავლენას საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი დომინანტური ძალაა, ის კიდევ უფრო აქტიურად უნდა  ეხმარებოდეს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის აღდგენის პროცესში.


შემაჯამებელ სიტყვაში სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ზურაბ ხონელიძემ განაცხადა, რომ „საჭიროა შეფასებებში ვიყოთ უფრო კორექტული, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ კანონზე საქართველოსთან მიმართებაში, ანუ საქართველოს საგარეო ორიენტირთან კავშირში. მინდა გავიგოთ, რომ კანონს არ გააჩნია ეთნიკურობა. რა კონტექსტში ვიხილავთ კანონს? – მას, ვიხილავთ საგარეო ფაქტორთან ორიენტირში. ჩვენი ფიქრის ეჭვის საგანი არის, შეიცვლის თუ არა საქართველო საგარეო ორიენტირს. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ არა მხოლოდ არჩევანი საქართველოსი, არამედ ჩვენი ბედისწერაა ჩვენი ევროპელობა. ეს არის ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის, ქართველი ერის გენეტიკური კოდი. რას ეყრდნობა ევროპა? როგორც მოგეხსენებათ, იგი, ეყრდნობა ანტიკური სამყაროს გონიერებას და ქრისტიანული სამყაროს საფუძვლებს, ამ ჰარმონიამ განსაზღვრა ევროპული რენესანსი, რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა. საქართველო კაცობრიობის პირველი ცივილიზაციის, მსოფლმხედველობის, ერთ-ერთი აკვანია. პროტოქართულმა კულტურამ საფუძველი დაუდო თანამედროვე ცივილიზაციის კულტურებს და სამყაროს უანდერძა ტოლერანტობის შერწყმა ჰუმანიზმის პრინციპებთან. იგი, ევროპისა და აზიური ცივილიზაციის სიმბოლოა, რომლისგანაც სათავეს იღებენ ძველ ბერძნული და აღმოსავლური კულტურები. მე მინდა, იცოდეთ და ყველამ გავიგოთ სწორად, რომ საქართველოს, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ აქვს შესაძლებლობა გამოკვეთოს და გადაიხაროს რომელიმე მიმართულებით. ჩვენ, აუცილებლად უნდა მოვახერხოთ სივრცის გაფართოება და სამოქმედო არეალის გაზრდა და მოვახდინოთ სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონული პოლიტიკის კონტექსტში გადატანა. პოლიტიკის მთავარი რეგულატორიდან გამომდინარე (დამატებითი ინტერესი და ბალანსი), მსგავსი მოდელის შექმნა საქართველოს შეუძლია მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში (ვგულისხმობ საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი). ჩვენ სამხრეთ კავკასია უნდა გავხადოთ მტკიცე სამშვიდობო სივრცედ ევროპული ქოლგის ქვეშ“.

ფოტო გალერეა