სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მემორიალური აუდიტორიები გაიხსნა

2025 წლის 18 ივნისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივით, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე ფსიქოლოგიის დოქტორის, ასოცირებულ პროფესორ ლია სვანიძის, ისტორიის დოქტორის, ასოცირებულ პროფესორ ჯამბულ ანჩაბაძის და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გურამ აბესაძის სახელობის აუდიტორიები გაიხსნა.

 

ღონისძიებას ჩვენი უნივერსიტეტის სახელოვან მეცნიერთა ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ.

 

რექტორმა, პროფესორმა ზ. ხონელიძემ თბილად გაიხსენა პროფესორები ლ. სვანიძე, ჯ. ანჩაბაძე და გ. აბესაძე და ისაუბრა მათ დამსახურებაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე.

 

– აწ გარდაცვლილი ჩვენი უფროსი კოლეგები და მეგობრები, რომელთა სახელობის აუდიტორიებსაც ვხსნით, ძალიან ნათელი ადამიანები გახლდნენ, რომ არაფერი ვთქვათ მათ დამსახურებაზე ქართული მეცნიერებისა და ჩვენი უნივერსიტეტის წინაშე. ისინი, უმაღლეს პროფესიონალიზმთან ერთად, გვაძლევდნენ მაგალითს თავმდაბლობისა, მეგობრობისა, ერთგულებისა. ისინი ძალიან დიდი ღირსებით იყვნენ აღსავსენი და მათთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებდა. ყველას გვეტკინა ქალბატონ ლიას, ბატონი ჯამბულისა და ბატონი გურამის გარდაცვალება. ვიგრძენით, რომ უნივერსიტეტი, ყოველი ჩვენგანი დაობლდა. დარწმუნებული ვარ, თითოეული სტუდენტი, რომელიც ამ აუდიტორიების კარებს შემოაღებს და ამ ნათელ ადამიანთა ფოტოებს შეხედავს, შეეცდება ღირსეულად იაროს მათ გაკვალულ გზებზე და საკუთარი წარმატებით ასახელოს ჩვენი უნივერსიტეტი და სამშობლო. 

ფოტო გალერეა