სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2025 წლის 1 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ იქცა ინტელექტუალური დიალოგისა და სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელოვან სივრცედ. ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, გაიმართა დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციის მიზანი იყო ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა, ახალგაზრდა მკვლევართა პოტენციალის წარმოჩენა, მეცნიერებს შორის საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაღრმავება, ინოვაციური კვლევითი იდეების წახალისება, აკადემიური კომპეტენციების განვითარება და თანამედროვე სამეცნიერო სივრცეში დოქტორანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობა.

სამუშაო თემატიკა მოიცავდა ოთხ ძირითად მიმართულებას: საბუღალტრო აღრიცხვა, აუდიტი და დაბეგვრა; ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა; მენეჯმენტი და ადმინისტრირება; მარკეტინგი და რეკლამა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტები, ასევე უცხოელი ახალგაზრდა მეცნიერები. მონაწილეებმა წარმატებით წარადგინეს აქტუალური კვლევები, განახორციელეს კომპლექსური ანალიზი და თანამედროვე სამეცნიერო დისკურსისთვის მნიშვნელოვანი თემატიკა წამოსწიეს. წარმოდგენილი მოხსენებები გამოირჩეოდა მულტიდისციპლინური მიდგომებითა და ანალიტიკური სიღრმით.

კონფერენციის წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებული პროფესორის, ქალბატონ ირმა დიხამინჯიას ინოვაციურმა მიდგომებმა.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ: ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, სსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ბერულავა, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ლია ახალაძე, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი ნინო ქეცბაია, ფილოლოგიის დოქტორი „ჰორიზონტ ევროპას“ საგრანტო ოფისის კოორდინატორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასისტენტ-პროფესორი ვიკა ქარდავა, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტები: თამთა ბერიძე და რუსუდან მარკოზაშვილი.

კონფერენციის დასასრულს, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის კანცლერმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ, ხაზი გაუსვა კონფერენციის მნიშვნელობას ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების კვლევითი პოტენციალის წარმოსაჩენად და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები, დისკუსიები, კონფერენციები, გააძლიერებს პროფესიულ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს იმ საკითხების სიღრმისეულად შესწავლას, რომლებიც მომავალში როგორც მეცნიერებისთვის, ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.

ამრიგად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 ივლისს ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ნათლად ასახავს იმ ტენდენციებს, რომლისკენაც მიმართულია თანამედროვე აკადემიური სივრცე — ღიაობა, ინტერდისციპლინურობა, კვლევის ხარისხზე ორიენტაცია და ახალგაზრდა თაობის ინტეგრაცია გლობალურ სამეცნიერო პროცესებში. 

                                                                                                                                                                                                                                    ლელა მირცხულავა 

ფოტო გალერეა