2025 წლის 18 ივნისს, პოლტავას ეკონომიკისა და ვაჭრობის უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ვებინარი თემაზე: „გლობალური ბიზნეს ტენდენციები და გამოწვევები“. ონლაინ ღონისძიება მიზნად ისახავდა თანამედროვე გლობალურ პროცესებზე მულტიდისციპლინური ხედვის გაზიარებასა და სადოქტორო კვლევების განვითარების ხელშეწყობას.
ვებინარი გახსნეს პოლტავას უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლუდმილა შიმანოვსკა-დიანიჩმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირმა დიხამინჯიამ. დამსწრეებს ასევე მიესალმნენ ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები, პროფესორები: დავით ჯალაღონია და გიორგი ბერულავა.
მომხსენებლებმა მიმოიხილეს მიმდინარე ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სოციალურ-კულტურული ტენდენციები, ყურადღება გაამახვილეს ინოვაციური ტექნოლოგიების როლზე გლობალურ ბიზნესში, განიხილეს მრავალმხრივი ანალიზის მეთოდები, რომლებიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ დოქტორანტების კვლევით თუ პროფესიულ განვითარებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო პლატფორმების მნიშვნელობას, რაც ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლოს გლობალურ პრაქტიკებზე დაფუძნებულ ცოდნას, განივითაროს კრიტიკული ანალიზის უნარები და გაეცნოს სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურაში ბიზნესპროცესების მართვის სპეციფიკას.
ვებინარში აქტიურად ჩაერთვნენ ორივე უნივერსიტეტის დოქტორანტები. სსუ-ის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლების – გიორგი კიკაბიძისა და სოფიკო ქვარცხავას – მოხსენებები
განსაკუთრებით გამოიყო, როგორც მაღალი აკადემიური სტანდარტის მაგალითი.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩინა აკადემიური თანამშრომლობის პოტენციალი, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო დონეზე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ახალ სამეცნიერო კონტაქტებსა და კვლევითი დიალოგის გაღრმავებას.
ლელა მირცხულავა
