სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+ პროგრამის Jean Monnet-ის მოდულის „მშვიდობის ქართული პარადიგმა და ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობა“ (EUPEACE) ფარგლებში, გაიმართა სტუდენტების შეხვედრა აფხაზეთის ომის ვეტერანებთან.
ღონისძიება გახსნა პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ, რომელმაც სტუდენტებს გააცნო პროექტის მიზნები და მნიშვნელობა. ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების მხრიდან მშვიდობის მშენებლობის პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობაზე.
მონაწილეებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სამშვიდობო განათლების ცენტრის" ხელმძღვანელი ლევან გერაძე, რომელმაც ისაუბრა ცენტრის საქმიანობაზე, მის საგანმანათლებლო მიმართულებებზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც დაწესებულება სტუდენტებისთვის მშვიდობის საკითხებში არასამოქმედო ჩართულობის გასაძლიერებლად ქმნის.
შეხვედრის მთავარი ნაწილი დაეთმო აფხაზეთის ომის ვეტერანების გამოცდილებას. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნოდარ დარსანიამ სტუდენტებს გაუზიარა საომარი პერიოდის მოგონებები. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა უშუალო მონაწილეებისგან მიეღოთ ინფორმაცია იმ გამოწვევებზე, რომელთა გაგებაც სამშვიდობო ხედვის ჩამოყალიბებისთვისაა მნიშვნელოვანი.
ღონისძიება შეაჯამა ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით ზაქარაიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი შეხვედრების ღირებულებას აკადემიური გარემოსა და მომავალი თაობებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის ომის ვეტერანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია.
პროექტის კოორდინატორის განცხადებით, EUPEACE-ის ფარგლებში, მომავალშიც იგეგმება მსგავსი ფორმატის შეხვედრები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და მშვიდობის კულტურის გაძლიერებას.
შეხვედრა გაიმართა მიმდინარე წლის
18 ნოემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, ჟან მონეს აუდიტორიაში.
