სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საჯარო ლექცია ჩატარდა, სადაც თანამედროვე საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ. მან ყურადღება გაამახვილა შემდეგ თემებზე:
1. ადამიანის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემა;
2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს საქმეზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ.
ლექციის განმავლობაში ხაზგასმული იყო საერთაშორისო მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელობა ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში. გამიჯნული იქნა სამი მთავარი ინსტიტუტის - გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უფლებამოსილება და ფუნქციური დატვირთვა.
პროფესორმა გვარამიამ განსაკუთრებით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე - "რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ", რომელიც მრავალი მიზეზით არის მნიშვნელოვანი. მისი თქმით ამ გადაწყვეტილებამ ირიბად დააჩქარა პროცესი 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, სადაც ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვეთა ბრალდებულები და გამოცხადდა მათი საერთაშორისო ძებნა; გამოიკვეთა ადამიანის უფლებების დარღვევები სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური მოპყრობის, საკუთრების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფის ნაწილში; გადაწყვეტილებებში პირველად, სამართლებრივი შეფასება მიეცა ოკუპანტის მიერ „ეფექტური კონტროლის“ ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ქართველების ეროვნული ნიშნით სიცოცხლის უფლების ხელყოფას და სხვა უფლებების დარღვევებს.
ლექციის დასასრულს გამომსვლელმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც ამავდროულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით. ამასთან, მან მიუთითა, რომ საქართველოს საქმეებზე საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იუსტიციის სამინისტრომ.
დისკუსიის ფარგლებში მოსაზრება გამოთქვა, უფლებადამცველმა, პროფესორმა ავთანდილ ხაზალიამ. მან აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, დევნილი უნივერსიტეტისთვის სიმბოლურია. ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვა და ამ თვალსაზრისით თანამედროვე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება განსაკუთრებულ შინაარსს იძენს. გამომსვლელმა ხაზი გაუსვა სამართლის სპეციალობის სტუდენტების როლს, მომავალში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.
პროფესორმა ავთანდილ ხაზალიამ მადლობა გადაუხადა პროფესორ ვეფხვია გვარამიას დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის და ჩატრებული საინტერესო საჯარო ლექციისთვის.
