სიახლეები

სამურზაყანოს შესახებ ქართულ და ინგლისურენოვანი მონოგრაფიების პრეზენტაცია

2025 წლის 5 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტით შესრულებული კვლევის შედეგად შექმნილი ქართულ და ინგლისურენოვანი კოლექტიური მონოგრაფიების,  „სამურზაყანო – ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინცია. წარსული და თანამედროვეობა“ (გამომცემლობა „საჩინო“, თბილისი, 2024, 552 გვ.) და “Samurzakano – the Georgian Historical and Ethnographical Province. The Past and the Present” (Publishing Houese “Sachino”, Tbilisi, 2025, 352 pages) – პრეზენტაცია.

ნაშრომი მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „სამურზაყანო – ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინცია".

წარსული და თანამედროვეობა“ (OTG-I-21-581 – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2021 წლის საგრანტო კონკურსი) ფარგლებში.

წარმოდგენილ კოლექტიურ მონოგრაფიებში ერთგვარად შეჯამებულია უკანასკნელი წლე­ბის განმავლობაში ქართველ ისტორიკოსთა კვლევების შედეგები. მასში ობიექტურად და მიუკერძოებლადაა გაანალიზებული საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინციის, სამურზაყანოს ისტორიული განვითარების ძირითადი ეტაპები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ე.წ. „სადავო საკითხებზე“, რომელთა ირგვლივაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან არ წყდება ფსევდომეცნიერული „სპეკულაციები“ და ამომწურავი, სათანადო საისტორიო წყაროებსა და საარქივო (მათ შორის, ახლადმიკვლეული) საბუთებზე დაყრდნობით, მეცნიერულად დასაბუთებული პასუხია გაცემული სეპარატისტთა მცდელობებზე, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, სამურზაყანო გამოაცხადონ აფსუურ ეთნოლოგიურ და კულტურულ სივრცედ. წიგნები განკუთვნილია სპეციალისტებისა და საქართველო-აფხაზეთის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

კვლევის შემსრულებლები და მონოგრაფიების თანაავტორები არიან:

  1. ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა – პროექტის ხელმძღვანელი, რედაქტორი, მკვლევარი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  2. პროფესორი ზურაბ ხონელიძე – პროექტის კოორდინატორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  3. პროფესორი ლია ახალაძე – მკვლევარი, ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  4. სალომე ბახია-ოქრიაშვილი – მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი;
  5. დავით ჩიქოვანი – მკვლევარი, დოქტორანტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ღონისძიება გახსნა და პროექტის განხორციელების ეტაპებზე, კვლევის პროცესსა და მონოგრაფიაში წარმოდგენილ ძირითად დებულებებსა და სამეცნიერო სიახლეებზე ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა და რედაქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა კახა კვაშილავამ.

პროფესორმა ლია ახალაძემ კი ხაზი გაუსვა კვლევის სამეცნიერო-პრაქტიკულ ღირებულებას საქართველოს ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და აფხაზეთის წარსულის შესახებ ობიექტური ცოდნის გავრცელებას საერთაშორისო ასპარეზზე.

პროექტის მონაწილეთაგან, პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ქართველი ეთნოლოგ-აფხაზოლოგი, ქალბატონი სალომე ბახია-ოქრუაშვილი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული სადოქტორო პროგრამის „საქართველოს ისტორია“ სტუდენტი დავით ჩიქოვანი.

წარმოდგენილ მონოგრაფიებს მაღალი შეფასებები მისცეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა, აფხაზეთის წარსულის ცნობილმა მკვლევარმა, ბატონმა ჯემალ გამახარიამ; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ბატონმა როლანდ თოფჩიშვილმა; წიგნის ინგლისურ ენაზე მთარგმნელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ივანე მენთეშაშვილმა; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ენათმეცნიერმა, აფხაზოლოგმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ. ამ შეფასებისას, ერთხმად აღნიშნეს წარმოდგენილ მონოგრაფიის რუსულ და თურქულ ენებზე თარგმნის აუცილებლობა.

ღონისძიება შეაჯამა სამურზაყანოს მკვიდრმა, სსუ ადმინისტრაციის უფროსმა, ბატონმა დავით ჯალაღონიამ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სსუ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარინა ტურავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სსუ ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები.

ქართულ და ინგლისურენოვანი მონოგრაფიების ელექტრონული ვერსიები (pdf-ფორმატი) განთავსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე და თავისუფლად ხელმისაწვდომია მსურველთათვის.


ფოტო გალერეა