სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ლონდონის აკრედიტებული ენების ცენტრის დირექტორს, როი სამას უმასპინძლა, რომელმაც უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა დამსწრეებს დეტალურად გააცნო ლონდონისა და ევროპის სხვა წამყვანი უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის პირობები, აკადემიური მოთხოვნები და საგანმანათლებლო შესაძლებლობები. პრეზენტაციამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია და მათთვის მნიშვნელოვანი გზამკვლევი გახდა სამომავლო აკადემიური და კარიერული განვითარების მიმართულებით.
ვიზიტის დასასრულს ოფიციალურად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლონდონის აკრედიტებულ ენების ცენტრსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს შორის. შეთანხმება მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.
მემორანდუმის ფარგლებში უკვე დაიგეგმა ერთობლივი, ინოვაციური და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო პროცესს, ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო გამოცდილების მიღებას და გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას გლობალურ შრომის ბაზარზე.
აღნიშნული თანამშრომლობა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ პირდაპირი კავშირი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან და მიიღონ ხარისხიანი განათლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
