2025 წლის 19 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე გაიმართა საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის თანამედროვე გამოწვევები“.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვეფხვი გვარამია. მან მონაწილეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სამართლის მნიშვნელოვანი წყაროების მიღების საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება ფაკულტეტზე ტრადიციად არის ქცეული. კონფერენციის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლალი გაბისონიამ და სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ასმათ გუგავამ.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა 68 სტუდენტი. მუშაობდა რამდენიმე პარალელური სექცია, სადაც განხილული იყო ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ასევე სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის თანამედროვე სამართლებრივი გამოწვევები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები დიდი ბრიტანეთის, უკრაინისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
კონფერენციის დასასრულს პროფესორმა ვეფხვი გვარამიამ შეაჯამა სტუდენტური საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა, მონაწილეებს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე ნიუნბერგის პროცესის დასრულების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდება სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია - „ნიუნბერგის პრინციპები“.
