სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას დაბადებიდან 125 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო-თემატური კონფერენცია

2025 წლის 25 დეკემბერს  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, თანამედროვე ქართული საისტორიო სკოლის ერთ-ერთი მესაძირკვლის, თვალსაჩინო სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას დაბადებიდან 125 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო-თემატური კონფერენცია. ღონისძიების ორგანიზატორები: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაცია.

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა დიდი ქართველი მეცნიერის, აფხაზეთის მკვიდრის, ქართულ-აფხაზური ისტორიული ძმობისა და ერთობის მებაირახტრისა და ერთგვარი სიმბოლოს – აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას საიუბილეო თარიღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მოხსენებით: „აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ისტორიული კონცეპტი: გზამკვლევი საერთო-ქართულ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ და სოციალურ-კულტურულ სივრცეში ამჟამინდელი აფხაზეთისა და ეთნიკურ აფხაზთა როლისა და ადგილის გააზრებისათვის გამოვიდა  ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი. მომხსენებელმა გამოჩენილი მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფონზე წარმოაჩინა სიმონ ჯანაშიას კონცეპტუალური ხედვა თანამედროვე აფხაზეთისა და საკუთრივ ეთნიკურ აფხაზთა როლსა და ადგილზე საერთო ქართულ სამყაროში.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას უახლოესი ნათესავის ვახტანგ ჯაფარიძის მოხსენებაში:  „აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია და კოლხეთის არქეოლოგიური შესწავლის საკითხები“ ხაზი გაესვა სახელოვანი მეცნიერის ღვაწლს საქართველოში არქეოლოგიური კვლევების ორგანიზებაში, მის მოსაზრებებს კოლხეთის სიძველეების მეცნიერული შესწავლის ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. მანვე ისაუბრა სიმონ ჯანაშიას ოჯახზე, მის ურთიერთობაზე აფხაზ თანამემამულეებთან. 

ახალგაზრდა მკვლევარ-ისტორიკოსების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტების ბაჩანა რუხაიასა და ნიკოლოზ სარაჯიშვილიერთობლივ მოხსენებაში: „აფხაზეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში“– აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას მივიწყებული ნაშრომი, რომელიც წარმოადგინა ბაჩანა რუხაიამ, გაშუქებული იყო მეცნიერის ორი რუსულენოვანი ნაშრომის „აფხაზეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში“ და „აფხაზეთის სამეფოს წარმოქმნის დროისა და პირობების შესახებ“ მათ მიერ მომზადებულ ქართული თარგმანზე მუშაობის წინაისტორია. აღნიშნული თარგმანები მთარგმნელთა და სამეცნიერო რედაქტორის ვრცელი წინასიტყვაობითა და შესაბამისი კომენტარებით უახლოეს ხანებში გამოიცემა ცალკე წიგნად.  

კონფერენციას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები.

 

 

ფოტო გალერეა