სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარეს - გიორგი ვოლსკისა და ამავე კომისიის წარმომადგენელს - შორენა ახალაიას.
სტუმრებს შეხვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი, რექტორის მოადგილე, პროფესორი რომეო გალდავა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებთან ღია დიალოგის ფორმატში წარიმართა. დისკუსიის მთავარ თემებს წარმოადგენდა:
სამშვიდობო განათლების როლი და მნიშვნელობა;
ნდობის აღდგენის მექანიზმები;
საზოგადოებრივი დიალოგის ფუნქცია დეოკუპაციისა და შერიგების პოლიტიკაში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „სამშვიდობო კლუბის“ დაფუძნების ინიციატივაზე. აღნიშნული პლატფორმა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, განახორციელონ ერთობლივი პროექტები, ჩაერთონ თემატურ დისკუსიებსა და საგანმანათლებლო აქტივობებში.
მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროექტების განვითარების გეგმები.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს აკადემიური სივრცის გადამწყვეტი როლი კრიტიკული აზროვნების, ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურის ფორმირებაში.
შემაჯამებელ ნაწილში აღინიშნა, რომ სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილური მომავლის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
