სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტმა უმასპინძლა ქართულ-ამერიკული სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც უნივერსიტეტში ვიზიტი განახორციელეს ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროექტის - „უსაფრთხოება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ ფარგლებში.
პროექტის ავტორია დიანა გაბისონია, ხოლო ფიზიკის კომპონენტის დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა ფიზიკის პედაგოგი არჩილ ბაღბაია. პროექტის მიზანია უსაფრთხოების საკითხების გააზრება ფიზიკის, ქიმიისა და ინგლისური ენის ინტეგრირების გზით, თანამედროვე, პრაქტიკულ და კვლევაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოში.
ვიზიტის ფარგლებში ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს არაორგანული და ანალიზური ქიმიის, ორგანული და ფიზიკური ქიმიის, ფარმაციის, ბიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები, ასევე იმიტირებული სააფთიაქო კაბინეტი.
პროფესორ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით ჩატარდა სადემონსტრაციო ცდები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქიმიური და ფიზიკური პროცესების ვიზუალურ და პრაქტიკულ გააზრებას უსაფრთხოების ნორმების დაცვით. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის ცდები, მათ შორის: ტუტე მეტალების ურთიერთქმედება წყალთან; ეგზოთერმული და ენდოთერმული რეაქციები; „ჯინი კოლბაში“; სისხლის იმიტაცია; უწვადი ხელსახოცი; ქიმიური რაკეტა; ვულკანის ამოფრქვევა; „სპილოს ხორთუმი“.
აღნიშნული აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღრმავებას, თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კონტექსტში გააზრებასა და უსაფრთხოების წესების დაცვით სამუშაო უნარების განვითარებას.
ვიზიტის მეორე ეტაპი განხორციელდა სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, სადაც მოსწავლეები გაეცნენ სამეცნიერო კვლევების, გამოყენებითი ფიზიკისა და ტექნოლოგიური მიმართულებების აქტუალურ საკითხებს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი მომავალშიც განაგრძობს მსგავსი საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესის, ცოდნისა და კვლევითი უნარების განვითარებას.
