სიახლეები

სტუდენტების შეხვედრა აფხაზეთის ომის ვეტერანებთან


2026 წლის 30 მარტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის „მშვიდობის ქართული პარადიგმა და ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობა“ (EUPEACE) ფარგლებში, გაიმართა სტუდენტების შეხვედრა აფხაზეთის ომის ვეტერანებთან.

ღონისძიება გახსნა პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ, რომელმაც სტუდენტებს პროექტის მიზნები და მნიშვნელობა გააცნო. ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების მხრიდან მშვიდობის მშენებლობის პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მთავარი ნაწილი დაეთმო აფხაზეთის ომის ვეტერანების გამოცდილებას. უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა რომეო გალდავამ და ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, დავით ჯალაღონიამ სტუდენტებს საომარი პერიოდის მოგონებები გაუზიარეს. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა უშუალო მონაწილეებისგან მიეღოთ ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა გაგებაც მნიშვნელოვანია სამშვიდობო ხედვის ჩამოყალიბებისთვის.

ღონისძიება შეაჯამა პროექტის კოორდინატორმა პროფესორმა ლარისა თაკალანძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას აკადემიური გარემოსა და მომავალი თაობებისთვის.

შეხვედრას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტო გალერეა